სკოლის ასაკიდან ვსწავლობდი რუსულ ენას. სულ მაინტერესებდა კავკასია. ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, გარდა ამ რეგიონისა. განათლებით ანთროპოლოგი ვარ. 2003 წელს უნივერსიტეტიდან დაფინანსება მივიღე და ზაფხულში საქართველოში ჩამოვედი. შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია. მე უკვე ლონდონში ვიყავი, მაგრამ გული აქეთ მომიწევდა. მაინტერესებდა შეიცვალა თუ არა რეალურად სიტუაცია და 2006 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი. 2012 წლამდე აქ ვმუშაობდი, ძირითადად ჟურნალისტად, შემდეგ ლონდონში მომიწია დაბრუნება და გადავწყვიტე საქართველოს მოქალაქეობა ამეღო. დღესდღეობით ხან იქ ვარ, ხან აქ, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს მაინც საქართველოში ვატარებ.
დიდხანს ვერაზე, ქიაჩელის ქუჩაზე, ძალიან საყვარელ სახლში ვიცხოვრე. სიამოვნებით ვიყიდდი, მაგრამ მეპატრონე ვერ დავითანხმე. ეს ბინა 2017 წელს ვიპოვე: არც სამზარეულო ჰქონდა, არც აბაზანა და არც ერთი მთელი ფანჯარა. სამაგიეროდ ძალიან იაფი ღირდა და გადავწყვიტე გამერისკა. გავიცანი არაჩვეულებრივი “პრარაბი” თამაზი, რომელიც მოგვიანებით ჩემი მეგობარი გახდა. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით სრულად აღგვედგინა ეს სივრცე. დაახლოებით ცხრა თვე ვიმუშავეთ.
ინტერიერის დიზაინი მთლიანად ჩემი შექმნილია. ის რასაც ახლა სახლის კედლებზე ხედავთ, წლების განმავლობაში დაგროვილი კოლექციაა. ძველ, საბჭოთა ფილმების პლაკატებს და კავკასიურ ხალიჩებს დიდი ხანია ვაგროვებ. ცოტა ლონდონის განწყობაც მინდოდა შემომეტანა სახლში და მგონია, რომ ლონდონის მეტროს სკამების ქსოვილებით ეს მოვახერხე.
შუშაბანდის კედლები ისე იყო დაზიანებული, რომ იშლებოდა. ამიტომ გამოცვლა მომიწია და ძველი ხის მასალა საწოლისთვის გამოვიყენე. ბუხარი აქ ადრე არ იყო, გავაკეთებინე, სხვა ბუხრის ნაწილებისგან ავაწყვეთ. შუშის იზოლატორები შუშაბანდში დავკიდე და განათება გავიყვანე. აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის დროს შენობების დაზიანებული ჩუქურთმების ნაწილი გადაყარეს და ასე აღმოჩნდნენ ისინი ჩემს კედლებზე. იატაკისთვის ხელი არ მიხლია. ასე ვთქვათ, არქეოლოგიური ნაწილია, იგრძნობა რომ თაობებს გაუვლიათ აქ. ერთი სიტყვით, რაც დამხვდა სახლში, ის იყო ჩემი მთავარი შთაგონების წყარო. ზოგადად, ძველმოდური არ ვარ, მაგრამ სახლის ასაკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიზაინის გადაწყვეტაში.