გადმოცემით ვიცით, რომ ბათუმში ეს სახლი, 1904 წელს ააშენა ვაჭარმა ალიხანოვმა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქ რამდენიმე ოჯახი შეასახლეს. ბაბუაჩემმა, რომელიც სამხედრო ექიმი იყო, სახლი 1953 წელს იყიდა და გააფართოვა. სახლში ბოლო რემონტი მე გავაკეთე. ჩემი მეგობარი, მხატვარი გიორგი ჩაუშბა მეხმარებოდა. დღეს ეს სახლი ძეგლების ნუსხაშია შესული.
მე სახლის კონსერვაცია გავაკეთე და არა რესტავრაცია. სადარბაზო საერთოდ არ შეგვიცვლია. მისაღები ოთახის ფერიც მაქსიმალურად გავს იმ ფერს, რაც მახსოვს ბავშვობიდან. ლურჯი ბროლის კარის სახელურებიც კი შევუნარჩუნეთ კარებს. სადარბაზოდან შემოსასვლელი კარი ორიგინალია, უბრალოდ ლურჯად შევღებე. ბუხარი და ავეჯი მისაღებ ოთახში ძირითადად მამას გაკეთებულია (მხატვარი თემურ ინაიშვილი).
ამ საბეჭდ მანქანაზე ბაბუა მუშაობდა კვლევებზე ონკოლოგიაში. სანათი და სარკე ბებიას მზითვებია. ნახატები, ძირითადად, გიორგი ჩაუშბას შემოქმედებაა. ბევრ ისტორიას ინახავს ეს სახლი. ხშირად უცხო ადამიანებიც კი მოსულან დასათვალიერებლად. ინვესტორები, რასაკვირველია, სულ ცდილობენ დაგვიყოლიონ, მაგრამ აქაურობას ვერასოდეს შეველევი. ჯერ თბილისში ვსწავლობდი, შემდეგ მოსკოვში, სულ იყო სხვაგან მუშაობის დაწყების, დაფუძნების ცდუნება. რომ არა ეს სახლი, ალბათ, ასეც მოხდებოდა. მაგრამ ვერ შევძელი. აქ ჩემი სახლია.