სახლი აღმოსავლური ელფერით

ნაცერია ელკავია (ინტერიერის დიზაინერი) –

პირველად საქართველოში 2019 წელს ჩამოვედი როგორც ტურისტი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, მშობლების დაკარგვის შემდეგ. მთელი ჩემი ცხოვრება მუდმივ მოძრაობაში, მოგზაურობაში გავატარე. ახალ ქვეყანაში ცხოვრების დაწყება ჩემთვის ყოველთვის საკუთარი თავის ხელახლა შექმნის მცდელობაა. მე ვისწავლე ადაპტაციის პროცესთან გამკლავება და საერთოდ, თავს მსოფლიოს მოქალაქედ მივიჩნევ, თუმცა თბილისთან პირველი შეხება განსაკუთრებული აღმოჩნდა. ამ ქალაქმა ჩემში ღრმა სიმშვიდის განცდა გააღვიძა. დუბაიში ორ ათწლეულზე მეტი ვიცხოვრე, მაგრამ რაღაც მომენტში გამიჩნდა სურვილი, დავბრუნებოდი ავთენტურობასა და სიმარტივეს — იმ ფასეულობებს, რომლებიც საქართველოში ვიპოვე. საქართველო ავირჩიე მისი ენერგიის, კულტურისა და განახლებისკენ სწრაფვის გამო, რომელიც აქ ყველგან იგრძნობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუდმივად არ ვცხოვრობ, თბილისის სახლი ჩემთვის ის გამაერთიანებელი რგოლია, რომელიც ჩემს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრებას აკავშირეს.

თუმცა, ამ სახლის პოვნის გზა მარტივი არ ყოფილა. ჩამოსვლისთანავე ძველი თბილისის გულში, გოგირდის აბანოებთან ახლოს მდებარე სასტუმროში დავბინავდით. იმთავითვე მოვიხიბლე აქაური ენერგეტიკით, ქვაში აღბეჭდილი ისტორიით, ფესვებით. ცხადია, გავეცანი თანამედროვე უბნებსაც, მაგალითად ვაკეს, თუმცა იქ ვერ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ვაგრძელებდი ძიებას მანამ, სანამ არ ვიპოვე სივრცე, რომელიც ნამდვილად შემეხო.

ბინის პროექტის დაგეგმარებაზე არქიტექტორთან ერთად ვიმუშავე, თუმცა ინტერიერის დიზაინი მთლიანად ჩემია – მე თავად ინტერიერის დიზაინერი გახლავართ და ეს ჩემი პროფესია და ჩემი გამოხატვის ფორმაა.  ვერ ვიტყოდი, რომ ერთი გამოხატული სტილი მაქვს. ბევრს ვმოგზაურობ და თითოეული ქვეყანა, თავისი კულტურით ჩემს ხედვაში ილექება. თუმცა ყოველთვის ერთგული ვრჩები აღმოსავლეთის, რომელთანაც შინაგანი კავშირი მაქვს, რადგან ის არის ჩემი იდენტობის განმსაზღვრელი. საქართველოში ყოფნისას განსაკუთრებით მკაფიოდ ვიგრძენი, თუ როგორ შეიძლება ეს აღმოსავლური სული ბუნებრივად შეერწყას ადგილობრივ კულტურას, რომელიც თავადაც ატარებს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის გავლენებს — მათ შორის სპარსულსა და ბიზანტიურს.

ჩემს სახლში ყველაზე განსაკუთრებული ჩემთვის სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოტანილი ნახატების კოლექციაა, რომლებიც ერთიანდება აღმოსავლური თემატიკით. ასევე დივანი, რომელიც თავად შევქმენი აფრიკულ და იაპონურ მოტივებზე. სტუმრების ყურადღებას ხშირად სწორედ ეს დივანი იპყრობს ხოლმე. აგრეთვე დიდი ანტიკვარული ტილო, ძველი სამკაულის გამოსახულებით. სახლში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების სკულპტურული ნამუშევრების კოლექციას.

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გადაადგილებაში ვარ, აქ დაბრუნებისას, თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობ. აქ თითოეულ ნივთს თავისი სული აქვს, სივრცის თითოიეული მონაკვეთი საკუთარ ისტორიას ინახავს. ეს არ არის მხოლოდ ფუნქციური საცხოვრებელი გარემო, ეს არის მნიშვნელობებით დატვირთული ადგილი. მე სადაც არ უნდა ვიცხოვრო, სწორედ ამ განცდის შექმნას ვცდილობ. ჩემთვის სახლი არის თავშესაფარი, სინაზე და სიყვარული — ადგილი, სადაც მთლიანობას ვპოულობ. ფანჯრებს გარეთ, გარემო შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ჩემი სახლი მუდმივი რჩება.

მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს ადამიანი, როდესაც სივრცე ასახავს შენს ნამდვილ ბუნებას — შენს ისტორიას, ფესვებსა და შინაგან სამყაროს — იქმნება მარადიული ღირებულება. და სწორედ ასეთ სივრცეში იგრძნობ თავს ყოველთვის სახლში.

გაზიარება:

გამოწერა