ჩვენი ნამუშევრები ყოველთვის გამოხატავს ჩვენსავე ხასიათს და დამოკიდებულებას გარემოსადმი. ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას, თავად სივრცე გვკარნახობს, როგორ და რა მიმართულებით წავა სამუშაო პროცესი. პირველ ეტაპზე ხდება სივრცის კვლევა, შესწავლა, შემდეგ კი მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და კონცეფციის შექმნა.


ეს სახლი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩვენთვის, რადგან სახლის არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ ინტერიერიც ჩვენი გაკეთებულია. როდესაც შენივე დაპროექტებული შენობის ინტერიერს აკეთებ, თავიდანვე ფიქრობ გარე და შიდა სივრცის ურთიერთობაზე და ერთ მთლიან ორგანიზმად განიხილავ. სწორედ აქედან არის განპირობებული ექსტერიერის მასალის შეტანა ინტერიერში.


ექსტერიერის მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებულია ქვის წყობა და თეთრი ფითხი, ინტერიერის კედლები ძირითადათ თეთრად არის შელესილი, არის ქვის ჩანართები, ჭერი შეფიცრულია, იატაკზე გამოყენებულია მოზაიკა. რელიეფიდან გამომდინარე სახლში შევდივართ შუალედურ დონეზე, კიბის ერთი მარშით ვხვდებით სასტუმრო ოთახის და სამზარეულოს ზონაში, ხოლო მეორე მარშით ავდივართ სახლის პრივატულ ნაწილში, სადაც საძინებლების ზონა გვხვდება.


ინტერიერში რამოდენიმე ძირითადი აქცენტია: სასტუმრო ოთახში, შავი დაჭრილი ქვით მოპირკეთებული ბუხარი და შავი და თეთრი ფილებით აწყობილი გრძელი თარო. სამზარეულოში აქცენტს ქმნის დაპრინტული კარადა, რომელიც ჩინური შირმის ასოციაციას იწვევს და მოზაიკის შავ-თეთრი იატაკის წყობა. დანარჩენი ელემენტები მეტნაკლებად ნეიტრალურია და ხელს უწყობს ამ აქცენტების გაძლიერებას.





