ნათელა მანკაევას ინტერიერი –
ამ ბინაში შემოსვლისთანავე მივხვდი, რომ აქაურობას არ მოუხდებოდა მშვიდი, პასტელური გამა და ამ კედლებს აქტიური ფერი სჭირდებოდა. ფერი შექმნიდა კავშირს თანამედროვე ესთეტიკასა და ისტორიულ სივრცეს შორის.
რა თქმა უნდა, ფერთა შერჩევაში თავი საერთოდ არ შემიზღუდავს. ჩემთვის სრულიად ბუნებრივი იყო ყველაზე მსუყე ფერთა კომბინაციების გამოყენება: ბროწეული, ლიმონი, ფირუზი და ტერაკოტა — როგორც მსხვილ, თამამ შტრიხებში, ისე დეტალებში.

მე და ჩემმმა მეუღლემ ყველა ჩვენი მოგზაურობის მოგონებას ამ ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი: ორი გოგონას სკულპტურით, რომლებიც რომის ძველმანების ბაზრობაზე აღმოვაჩინეთ, ბუხრის პორტალი შევქმენით, ეს სასაცილო და ცოტა შეშლილი იხვიანი სარკე დიუსელდორფიდან არის ჩამოტანილი, ხალიჩები სომხეთიდან, სპილენძის ჭედური ნივთები ირანიდან, პარიზში შეძენილი ჭურჭელი და ტექსტილი, მაროკოული ფილა…

ეს ყველაფერი — ვინტაჟური თუ თანამედროვე საგნები, ნახატები და წიგნები — ქმნის ჩვენი სახლის მრავალშრიანობას, ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც მუდამ ახალ-ახალი დეტალებით მდიდრდება.

ამასთან ერთად, ვეცადეთ სახლის ძველი სული შეგვენარჩუნებინა: ჭერზე მასიური თაბაშირის ორნამენტი აღვადგინეთ. მსხვილი ჩარჩოიანი კარები, იმდროინდელი არქიტექტურის ნიმუშის მიხედვით შევუკვეთეთ, შევარჩიეთ ცემენტის კაფელი ავთენტური ორნამენტებით.


ჩემთვის ეს ინტერიერი არის ბალანსი რაციონალურობასა და ემოციურობას, თანამედროვე ხერხებსა და ტრადიციებს შორის. საბოლოოდ, სივრცე გამოვიდა მთლიანიც და ცოცხალიც, ისეთი, სადაც გინდა დარჩე და დრო ყველაზე ძვირფას ადამიანებთან გააზიარო.




