ახალი ინტერიერი ძველ ბინაში

ნინია თოფურია (ანტრეპრენერი)

ძველ უბანში ვეძებდი ბინას, მაღალი ჭერითა და დიდი ფანჯრებით. ძველი ბინების შესყიდვა, მათი გარემონტება და შემდეგ გაყიდვა ჩემი საქმიანობის ნაწილია, რომელიც ჰობიდან პროფესიად მექცა. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის ბინებზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. ხშირად დიზაინერის მომსახურებისთვისაც მიმიმართავს, მაგრამ ჩემი საკუთარი ბინის შემთხვევაში მხოლოდ დაგეგმარებაზე დავიხმარე მეგობარი, რომელმაც გარკვეული რჩევები მომცა, დანარჩენი ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე.

ყოველთვის მინდოდა მქონოდა დიდი სასტუმრო ოთახი. აქ სასტუმრო სივრცე სამოცი კვადრატულია, ოთახს დაახლოებით 25 კვადრატული ტელევიზორის ოთახი ემიჯნება, რომელსაც მინის გახსნილი კარები აქვს. როცა სტუმრებს ვმასპინძლობთ, ეს კარები ღიაა და ერთ მთლიან სივრცეს ქმნის. ბინის განსაკუთრებულ ნაწილს შემინული ლოჯი წარმოადგენს. ბინას არ ჰქონდა აივანი. შუშაბანდის მაგვარი ნაწილი მთავარი სივრცისგან თაღით იყო გამოყოფილი. ასეთი რამ მოვიფიქრე: ერთგვარი სლაიდის საშუალებით, სივრცე თაღში ჩავკეტე. შუშაბანდში პარკეტი ავყარე და ფილა დავაგე. გათბობა არ გავიყვანე და ამ ყველაფრის შედეგად, სახლის ამ ნაწილს აივნის ფუნქცია მივაკუთვნე. პარკეტის აყრის შედეგად ტერაცო ამოვიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სახლის შენობაში ადრე აივნები უნდა ყოფილიყო და როგორც ჩანს მერე მოხდა მათი შემინვა. მე შემინვა მართალია ვერ შევძელი, მთლიან ფასადს დავარღვევდი, რისი უფლებაც არ მქონდა, მაგრამ ჩემი სურვილი, მქონოდა აივანი, ასე დავიკმაყოფილე. ამ სივრცეში ბევრი მცენარე მიდგას და ზამთრის ბაღივით გამოვიდა.

თავიდან მინდოდა სახლი თანამედროვე სტილში ყოფილიყო, მაგრამ სპეციფიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ბინისთვის ავთენტურობა არ დამეკარგა და შუალედური ბალანსი დავიჭირე.

სამზარეულოს ფართი პატარა იყო, ამიტომ დიდ ოთახში გამოვიტანე და კუნძულის სახით ჩავსვი 60 კვადრატული ფართის სასტუმრო ოთახის სივრცეში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ოთახს უჩვეულო ფორმის თაღი აქვს. მთელს სახლს მიყვება თაბაშირის კარნიზი. რასაკვირველია, გადავწყვიტე ეს დეტალები შემენარჩუნებინა და ძველ მეთოდს მივმართე: გავაკარი ბიაზი. ასევე შევინარჩუნე მუხის უძვირფასესი პარკეტი.

ვფიქრობ, რომ როდესაც ძველ ბინას ყიდულობ და ამ საქმით ხარ დაკავებული, წინასწარ ბინის დიზაინს, რენდერის დონეზე ვერ განსაზღრავ, ეს შეუძლებელია. ბინა თავისით გიკარნახებს, რა ჩარჩოებში მოექცევი და რა პროცესებს უნდა მისდიო.

ჩემი საძინებელი მასტერია. სამი ზონა გავაერთიანე: შემოსასვლელი, საშხაპე და საგარდერობე. ბინას აქვს ასევე სამრეცხაო ოთახი, ბავშვის ოთახი, ტუალეტი სტუმრებისთვის.

დედა იყო გალერისტი და წლების მანძილზე საინტერესო ნახატების კოლექცია დამიგროვდა. მარიამ შაქარაშვილის დიდი ტილო შევიძინე ამას წინათ. ასევე მაქვს იგორ ვულოკი, გაიანე ხაჩატურიანი, მიშა შენგელია, კოკა ცხვედიანი, ზურაბ გიკაშვილი, სერგო ქობულაძე, გია მარკოზაშვილი, ზაზა ბერძენიშვილი, გიორგი არეშიძე (რეშკა).

სახლში ჩემთვის მთავარი ესთეტური ნაწილია კომფორტთან ერთად. როგორც დასაწყისში ვახსენე, სტუმრების მიღების პრობლემა არ მინდოდა მქონოდა სახლში. აქ დაახლოებით 50 ადამიანის სტუმრობა შემიძლია და ეს მომენტი ჩემს სახლს ყველაზე საყვარელ ადგილად აქცევს, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ.

 

გაზიარება:

გამოწერა