ბინა ჩემი მეუღლის ირაკლი ბიბილეიშვილის დაპროექტებულია, თუმცა თავად არქიტექტორი არ გახლავთ. სახლი თითქმის ცარიელი იყო რომ გადმოვედით. 6 წლის განმავლობაში ნელ-ნელა შეივსო იმის მიხედვით, რაც ცხოვრებამ და საჭიროებამ მოითხოვა. ჩემთვის ეს ბინა თავიდან ბოლომდე ირაკლის იდენტობის გამომხატველია. მის საყვარელ ორ სამყაროს შეხვდებით აქ: კომიქსებს და კულინარიას. მარველის კომიქსების და „ვარსკვლავთა ომების“ სიყვარული ქანდაკებების კოლექციაში გამოიხატება, კულინარიით გატაცება კი, პროფესიული ატრიბუტიკით დაკომპლექტებულ სამზარეულოში.
დაახლოებით ათი წელია რაც ირაკლი ქანდაკებებს აგროვებს. ზოგიერთი მათგანი ძალზედ იშვიათი მოდელია და შეიძლება სულ სამასი ცალი იყოს მთელს მსოფლიოში. ინტერნეტში კოლექციონერთა დახურული ჯგუფები არსებობს, იმართება აუქციონები, მოკლედ, დიდი აზარტია მათი შეძენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც ჩვენი შვილი, ლეა გაჩნდა, ირაკლი ამ სამყაროსთვის ისე ვეღარ იცლის.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლისთვის კულინარია მხოლოდ ჰობია, იმდენად პერფექციონისტურად აქვს შესწავლილი ეს სფერო, ბევრ პროფესიონალს არ ჩამოუვარდება. ყველა დეტალი მის სამზარეულოში პროფესიონალურია. მაგალითად შეფების რჩეული ბრენდის, ვიურსტჰოფის (Wusthof) დანების ეს კრებული ჩემი პირველი საჩუქარია მისდამი. მისი საყვარელი სამზარეულოს მოწყობილობების ბრენდია სეიჯი (Sage). ყავის აპარატი, ვაფლის დასამზადებელი აპარატი (waffel maker), ფრეშერ ქუქერი (pressure cooker) და რაც მთავარია მისი ყველაზე საყვარელი „ნივთი“ – ბლენდერი – სეიჯის ფირმის გახლავთ.
ქვაბების კოლექციას დიდი ხანი აგროვებდა და ისეთ ბრენდებს შეხვდებით აქ როგორიც არის მაგალითად შტაუბი (Staub), ან რუფონი (Ruffoni). ძალზედ განსაკუთრებულია ძველი ფრანგული ბრენდის მაუვიელის (Mauviel) ქვაბები, რომლებიც წლებთან და ხმარებასთან ერთად უფრო ძვირფასი და ლამაზი ხდება. პარიზიდან მოვდივართ თუ ნიუ-იორკიდან, ჩვენი ჩემოდანი ყოველთვის სავსეა ქვაბებით და წიგნებით. ქვაბები ირაკლის კოლექციისთვის, წიგნები – ჩემთვის.
ჩვენს დიდ ბიბლიოთეკაში „ვარსკვლავთა ომების“ ნაწილი ცხადია ირაკლის ეკუთვნის, „ჰარი პოტერი“ კი მე. ჰარი პოტერი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მასთან ერთად გავიზარდე.
სახლს ნელ-ნელა ლეას სამყარო დაემატა. თავიდან ძალზედ ვეწინაღმდეგებოდი ამ ჭრელა-ჭრულა ნივთების გამოჩენას სახლში. ვცდილობდი მოგზაურობებიდან მისთვის მხოლოდ „ქონსეფთ“ სათამაშოები ჩამომეტანა. კარგად დავიწყე, მაგრამ აი, ხედავთ, საბოლოო ჯამში სადამდე მივედი. სახლი ოკუპირებულია.
ბავშვის გაჩენასთან ერთად მოთხოვნილება გამიჩნდა ორგანულ მასალებზე, განსაკუთრებით ქსოვილებზე. ამიტომ საძინებელში გამოყენებული თეთრეული, ფარდები, გადასაფარებლები იმ ბრენდების პროდუქციაა, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივ მასალებსა და ქსოვილებს იყენებენ.
კიდევ ერთი დეტალი, რაც თვალში გხვდებათ ალბათ ხალიჩებია. ხელნაკეთი ძველი ხალიჩები ძალიან ლამაზი და რაც მთავარია ქართულია.