როდესაც ლადო მესხიშვილმა, ჩემმა მეუღლემ, ეს სახლი დააპროექტა, თავისი ბინა ამ სახლში სახელოსნოდ ჩაიფიქრა. ამიტომაც არის მისაღები ოთახი ასეთი უჩვეულოდ დიდი, მაშინდელი პერიოდისთვის უნიკალური, იატაკამდე დაშვებული ფანჯრებით. თუ რამეს შეიძლება კვალი წარსულისა ეწოდოს, ყველაფერი ამ ოთახშია თავმოყრილი. მაგალითად, ეს სკივრი მსახიობ ლადო მესხიშვილს ეკუთვნოდა, რომლის სახელსაც დღეს ქუთაისის თეატრი ატარებს. ამ სკივრით დაჰქონდა მას თავისი კოსტიუმები გასტროლებზე. ნაჭერი, რომელიც ზემოდან ადევს სკივრს, სერგო ფარაჯანოვის ნაჩუქარი ძალიან ძველი ფარდაგია და მე შევუხამე. დანარჩენი ავეჯი, კარადა სკამები, ყველაფერი იმ ლადო მესხიშვილის ნაქონია. ისეთი ფუნდამენტური ხარისხის ავეჯია, გეგონება დღეს იყოს გაკეთებული. აქვე დგას ტრადიციული სვანური ტახტი. დედაჩემის ნივთებიდან ძალიან ცოტა რამ თუ გადარჩა. ჩხრეკის და დაჭერის დროს ყველაფერი გაიტანეს, ამიტომაც მისი ნაქონი ეს ლარნაკი, ძალზედ ძვირფასია ჩემთვის. კედელზე სერგო ფარაჯანოვის თოჯინა კიდია, გვერდით გარსია ლორკას კოკა იგნატოვისეული ილუსტრაცია, როგორც თვითონ ამბობდა მისი საუკეთესო ნამუშევარი. კედლებს ამშვენებს ზურაბ ნიჟარაძე, გოგი მიქელაძის კოლაჟი ჩემი ფილმისთვის, გოგი ოჩიაურის ბარელიეფი, გოგი მესხიშვილი და ა.შ. ეს ლამაზი და სადა ბუხარი ლადო მესხიშვილმა თავისი ხელით გააკეთა. სულ ასე მგონია თავისით აღმოცენდა და ადამიანის გაკეთებული არ არის.
ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, მოვალ თქვენთან, დავჯდეთ ბაღში და დავლიოთ ჩაიო. მართლაც არც ვიცი უკვე რამდენი წლის არიან ეს მცენარეები. ლადოს გარდაცვალების შემდეგ ჩემი ბინა გადავცვალეთ და აქ საცხოვრებლად გადმოვედით. ჩემს ოთახში
მთელს კედელზე დიდი კოლაჟია გაკრული, რომელიც შეიძლება ითქვას ანარეკლია ჩემი ცხოვრების. ბევრი ადამიანის კვალია ამ სახლში და მე ამიტომაც მაქვს ასეთი განსაკუთრებული განცდა აქაურობის მიმართ. გარდა იმისა, რომ ესთეტურად ლამაზია, ბევრ რამეზე გაფიქრებს და გახსენებს. ლადოს, ძალიან უყვარდა აქაურობა. აქ, ამ ოთახშია დაპროექტებული ტელეგრაფის შენობა, ჭადრაკის სასახლე და სხვა.
აქ მოდიოდნენ მისი სტუდენტები. ნამდვილი სამუშაო სივრცე იყო, ახლა რომ სალონად არის გადაკეთებული. ეს სახლი ლადო მესხიშვილი და მისი სამყაროა. მე უბრალოდ შევეცადე რომ მისი სახე დარჩენილიყო ამ სივრცეში. კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ჰქონდა ამ ბინას, მისი ფანჯრებიდან მთელი ქალაქი იშლებოდა და გამჭვირვალე ამინდში კავკასიონი და ყაზბეგიც კი ჩანდა. ახლა ეს ხედი მთლიანად ამოშენებულია და სრულიად დარღვეულია ჰარმონია გარესამყაროსთან. კიდევ კარგი ეს ბაღი, რომ ფარავს, რაც ფანჯრებს მიღმაა.