სალი უაიტი – ჟურნალისტი

Interieri Magazine

საქართველოში 1993 წელს ჩამოვედი. ეს ის პერიოდია ელექტროენერგია, გაზი და წყალი ნაწილობრივ რომ მიეწოდება მოსახლეობას და მიუხედავად ამისა თბილისის, ქუთაისის და თელავის ბაზრები სავსეა ნაირ-ნაირი, უგემრიელესი ხილით, ბოსტნეულით, სუნელებით, თაფლით, მარცვლეულით და ათასგვარი სხვა პროდუქტით. მე, თბილისში მივლინებით ჩამოსულ ფინანსურ ანალიტიკოსსა და ჟურნალისტს ლონდონიდან, დავალებული მქონდა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. მართალია ამ ურთიერთობების შესაძლებლობა მაშინ სამწუხაროდ ვერ დავინახე, მაგრამ გულთბილმა მასპინძლობამ, ღვინომ და სამზარეულომ, გასაგიჟებელმა არქიტექტურამ, არტ ნუვოს სტილის, მართლაც საგანძური შენობებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ლონდონში დაბრუნებისთანავე დავიწყე ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ძალზედ დავუმეგობრდი ერთ-ერთ ქართულ ოჯახს. სწორედ მათ მაპოვნინეს ეს ბინა მთაწმინდაზე.

ახლა მე მთელი ქალაქი ხელის გულზე მეშლება ყოველ დილას: ძველი თბილისის სახურავები, ხეები, ფერთა საოცარი პალიტრა და უხვი სინათლე. მართალია თავად შენობა ახალი აშენებულია, მაგრამ ვცდილობთ ის ძველი თბილისის სულით გავჟღინთოთ. ოჯახის უმცროსი ქალიშვილი ნინი შავიშვილი ჩემდა საბედნიეროდ დიზაინერ-არქიტექტორი აღმოჩნდა და დიდი ხალისით ჩაერთო ბინის გარემონტებაში. ნინის არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს, კარგად ერკვევა ევროპულ სტილში, ხშირად იმყოფება საზღვარგარეთ და საქმის კურსშია უახლესი ევროპული ტენდენციების. ქართველ ხელოსნებთან ხშირად უმუშავია ქვაზე, ხეზე და მეტალზე, ადგილობრივ მასალებზე, ტექსტილზე. ყველაფერთან ერთად, კარგად იცნობს ქართველი მშენებლების შესაძლებლობებს.

ნინი დამეხმარა შემექმნა სახლი, რომელიც მაგალითია იმის, რომ აქ ჩვენ ვიმყოფებით ევროპის და აღმოსავლეთის გასაყარზე და ამ ორი სამყაროს ნაზავია ეს ქვეყანა. ნინიმ მოიძია ძველი ქართული აგური ჩემი ბინის კედლებისთვის, იატაკზე ტრადიციული ხის პარკეტი დააგო, ჭურჭლის კარადისთვის გამოიყენა მეტალი, რომელსაც კახეთში სახურავებისთვის იყენებენ, მორთო ბინა ქართული ფარდაგებით, კახური გობელენით, ანტიკვარული ნივთებით და ამ ყველაფერს ევროპული ქსოვილები და განათება დაამატა. ნატურალური მასალები, ფერები და განათება – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები ჩემთვის დიზაინში. ძალიან მიყვარს მოულოდნელი კომბინაციები, იდეები სხვადასხვა ისტორიული ეპოქიდან. ინსპირაციები სხვადასხვა წყაროებიდან მოდის – ძველი ისტორიული შენობები და ავეჯი, ტრადიციული ქსოვილები, წიგნები, ჟურნალები, ძველი ოსტატების ნახელავები..

გაზიარება:

გამოწერა