სახლი ზღაპრული გარემოთი – დიზაინერი თამარა კოპალიანი

ბინა, ჩემი მეუღლის ძმას, ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილს ეკუთვნის. დიზაინი ჩემი გაკეთებულია. ლევანი ყველაფერში ძალიან გვენდობოდა მე და ჩემს მეუღლეს, რომელთან ერთად ვიღებდი საბოლოო გადაწყვეტილებებს. თუ ბიჭები რამეში მეწინააღმდეგებოდნენ, მე მაინც ჩემი გამქონდა. ბინის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ოთხკუთხედი ფორმის ულამაზესი მისაღები ოთახია, რომელსაც უნიკალური კედლის მხატვრობა ამშვენებს. კედლის მოხატულობა სავარაუდოდ 50-იანი წლებით თარიღდება. როგორც ამბობენ, იმ პერიოდში, ერმიტაჟის მხატვრები იყვნენ ჩამოსული თბილისში და გარკვეულ ბინებში კედლები და ჭერი მოხატეს.

უნდა აღვნიშნო, რომ ბინა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიბარეთ. მიუხედავად ამისა, ვეცადეთ, ყველაფერი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. რემონტის დაწყებისთანავე, ჩვენი მიზანი იყო სივრცე ისე დაგვემუშავებინა, რომ დროთა განმავლობაში მიმალული საგანძური ხილული გამხდარიყო. ჩვენი მთავარი მიზანი ყველა დეტალის გაფრთხილება, კარგად განახლება და თანამედროვე ცხოვრების ფუნქციურობასთან შერწყმა გახლდათ. თვითონ ბინამ გვიკარნახა რა სჭირდებოდა და ჩვენც მივყევით ამ მინიშნებებს.

ოთახების განლაგება შევინარჩუნეთ და ტიხრებიც ყველგან იგივე დავტოვეთ. ერთადერთი რაც შევცვალეთ იყო მიშენება ეზოს მხრიდან, რომელიც შუშაბანდად გადავაკეთეთ და ვფიქრობ, ბინის მთლიან დიზაინში ძალზედ ავთენტურად ჩაჯდა. შუშაბანდის გამო აქაურობა კაფე ჰგონიათ ხოლმე უბანში მოხეტიალე ტურისტებს და არაერთი სასაცილო სიტუაცია შექმნილა, როდესაც ყავის დასალევადაც კი ამოსულან.

ჩემთვის ამ სახლში ყველაზე განსაკუთრებული მაინც მისაღები ოთახია. საბჭოთა სტილის კედლის ჩაშენებული კარადა ჩემი იდეა და სიამაყეა. ასეთი ტიპის კარადებს ე.წ. „შპონით“აკეთებდნენ, ,,ჩიტისთვალს“ რომ  ეძახდნენ ჩვენში. ეს იყო ხის თხელი ფენა, რომელსაც ავეჯზე აკრავდნენ, რაც განსაკუთრებულ ფაქტურას იძლეოდა. ბარიც კი გავუკეთე ამ კარადას, რაც დამახასიათებელი იყო მსგავსი ავეჯისათვის. მოხატული კედლების ქვედა ნაწილს ხის ამოკვრა აქვს „პლინტუსის“ მაგივრად. ასეთმა დეტალებმა ვფიქრობ, სახლის მთლიანი ესთეტიკა შეკრა. ყვავილებიანი განათება ბრიუსელიდან არის ჩამოტანილი. მინიმალისტური სტილის სავარძელს ყვავილებიანი გადაკვრა აქვს. მოხატული კედლებიც ყვავილებშია ჩაფლული და ამიტომ, მისაღებ ოთახს „ფლორალ რუმს“ ვეძახით. ტყავის სავარძელი ოტომანით-ვინთიჯია. ჟურნალის მაგიდა შედარებით ახალი.

ხის ფანჯრები და დარაბები, საკეტებიანად ყველგან უცვლელად შევინარჩუნეთ, უბრალოდ ორმაგი შუშა ჩავსვით. იატაკი ხელუხლებელი დავტოვეთ, რადგან კარგი პარკეტით იყო გაკეთებული. ერთადერთი შუშაბანდის იატაკზე, ე.წ. „კროშკა“ დავასხით, რომელიც მარტივი გასაწმენდია. განათებები თბილისში, სხვადასხვა ანტიკვარულ მაღაზიაშია ნაყიდი. ბევრი რამ ჩემი სახლიდან გადმოვიტანე. ძველი ავეჯი, რომელიც ამ სახლის პატრონებს საბჭოთა დროს მოსკოვიდან ჰქონდათ ჩამოტანილი კარგად ჩაჯდა სახლის მთლიან ესთეტიკაში და ამიტომ დავტოვეთ. ვფიქრობ, ყველა ოთახი სწორ წერტილებამდე დავსვით, რამაც მთლიანობაში სახლში ზღაპრული გარემო შექმნა.

გაზიარება:

გამოწერა