ეს ბინა ვაკეში მდებარეობს და მისი საერთო ფართი 170 კვ მეტრია. ბინა მოიცავს ოთხ საძინებელს, მასტერ ბედრუმის ჩათვლით, სამ სველ წერტილს, გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო სივრცეს, ასევე სამზარეულოს, კაბინეტს, ბავშვების ოთახს. დამკვეთისა და ჩემი ხედვები თავიდანვე თანხვედრაში მოხვდა. მას სურდა მაქსიმალურად ნათელი ბინა, არჩეულ სტილისტიკაში, რომელსაც არ დავარღვევიდით. ჩვენი გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა, როდესაც ეს ესთეტიკა “Midcentury modern” სტილი აღმოჩნდა, რაზეც შევჩერდით კიდეც.

როდესაც კედლებისთვის „Cole and Son“-ის ბრენდის შპალერები შევარჩიეთ, ამ არჩევანმა მოიტანა იდეა, რომ საბჭოთა პერიოდის პოსტერები შეგვეხამებინა კედლებთან. ბინის მეპატრონე, ბესო ქუთათელაძე ხელოვნების დიდი მოყვარულია, თვითონ ძალიან კარგად ესმის დიზაინი და ეს დამეხმარა მუშაობისას. ძალიან უყვარს მხატვრობა, აგროვებს საბჭოთა პოსტერებს. აქედან გამომდინარე მისი კოლექცია ზუსტად ჩაჯდა ინტერიერში.

ჩემს პროექტებში ჩაშენებულ კარებს ხშირად ვიყენებ. აქაც მივმართე ამ მეთოდს. კორიდორი გავადიდეთ და ხის პანელებიანი დერეფანი შევქმენით. მარცხნივ საგარდერობო სივრცეა, მარჯვენა მხარეს სამრეცხაო ოთახი. კედლის გაყოლებაზე უხილავ კარს ბავშვების ოთახში შევყავართ.

მასტერში გამოყენებულია შავი შპალერი. შავი მასტერიდან კაბინეტში გადავდივართ, რომელიც მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. ფერთა გამა შავიდან მწვანეში ჰარმონიულად გადადის და სტილისტიკის მხრივ მგონია, რომ საინტერესო გამოვიდა. განათებების საშუალებით კი კაბინეტს სიმყუდროვე შევძინე.


რაც შეეხება მასტერის აბაზანას, ისიც მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი. აქაც იგივე ბრენდის შავი ფერის შპალერია გამოყებეული. საკმაოდ პრაქტიკული და ფუნქციური საძინებელი გამოვიდა, რადგან აბაზანასა და კაბინეტთან ერთიანდება და მთლიანობაში ინტიმური გარემო იქმნება.

ჩემს სხვა პროექტებშიც ბუნებრივ ქვებს ხშირად ვიყენებ ინტერიერში. აქაც ტრავერტინი გამოვიყენეთ, რამაც სახლს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. საერთოდ, ბუნებრივი მასალების შერწყმამ მდიდრულ დეტალებთან საინტერესო სინთეზი გამოიღო.

მწვანე დიდი მაგიდა, რომელიც ბინის ერთ- ერთი გამორჩეული დეტალია, თავად მეპატრონის იდეა იყო და მწვანე კაბინეტის იდეიდან გაჩნდა. ეს მწვანე მაგიდა, ესთეტურად იდეურ ხიდს ქმნის კაბინეტთან.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამკვეთთან მუშაობა, დამკვეთი როგორ მოგყვება სამუშაო პროცესში. ჩვენს შემთხვევაში, გამიმართლა, რომ ყველაფერი ჰარმონიულად წარიმართა, და ეს შედეგსაც ეტყობა.



