მარიამ შევარდნაძე (რესტორატორი, მოქანდაკე) –
მე ვინთიჯის დიდი მოყვარული ვარ. მოგზაურობა ჩემთვის ყოველთვის რაღაცის აღმოჩენას ნიშნავს, იქნება ეს პატარა ნივთი, ავეჯის დეტალი, თუ უცნაური საგანი, რომელსაც ისტორია აქვს. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ვბრუნდები ნივთით, რომელიც შემდეგ ჩემს ბინაში ახალ სიცოცხლეს იწყებს. მე მჯერა, რომ ძველ ნივთებს საკუთარი ცხოვრება აქვთ. მათ ჩემამდე უკვე ბევრი ნახეს, ბევრი განიცადეს, ჩემთან ერთად კი მათი ისტორია გრძელდება და ახალ ამბავს იწყებენ.

ამ ბინაში თითოეული ნივთი, სწორედ ასეთი მოგზაურობების ნაწილია. აქ არაფერი არის შემთხვევითი. თითოეულ ნივთთან განსაკუთრებული კავშირი მაქვს, თითქოს ყველა მათგანი ჩემი ცხოვრების გზის პატარა ფრაგმენტია. ამიტომ ეს ბინა ერთგვარი კოლექციაა: მოგონებების, ემოციების, მოგზაურობების და ადამიანების.

ალბათ ამიტომაც ბევრს ეჩვენება, რომ ამ სივრცეში შესვლისას თითქოს სხვა რეალობაში გადადის. სინათლე, ქსოვილები, წიგნები, ნახატები, სკულპტურები, ყველაფერი ერთად ქმნის ერთგვარ სცენას, სადაც არ არსებოს დრო და ყველაფერი ერთმანეთში ირევა: აღმოსავლური ორნამენტი, ევროპული ვინთიჯი, თანამედროვე ხელოვნება და ძალიან პირადი ისტორია.


სკულპტურები, რომლებიც ჩემს ბინაშია, ჩემი შექმნილია. მე რესტორატორი ვარ და ჩემი მთავარი პროექტი დღეს დუბაიში მდებარე ქართული რესტორანია, – რესტორანი „ქართული“, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. სკულპტურები ამ სივრცეში თითქოს პერსონაჟებად იქცნენ და ისინი ამ სამყაროს უხილავი მაცხოვრებლები არიან.


ეს ბინა ჩემთვის ძალიან პირადულია. აქ მიყვარს მარტო ყოფნა, ფიქრი, წერა, ახალი იდეები აქ იბადება. მაგრამ ამავე დროს ძალიან მიყვარს, როცა ეს სივრცე ადამიანებით ივსება. ხშირად ვაწყობ დიდ შეკრებებს და მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები ამ გარემოზე. თითქმის ყველა ამბობს, რომ თითქოს „დროში იმოგზაურა“.



და ალბათ მართლაც ასეა. იმიტომ რომ ეს ბინა როგორც მე მას ვეძახი „დროში მოგზაურია“.
რადგან მე დუბაიში ვცხოვრობ, როცა თბილისში ვბრუნდები და ჩემს სახლში შევდივარ, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლი მელოდებოდა. თითქოს თითოეული ნივთი, თითოეული წიგნი და თითოეული სკულპტურა, სიხარულით მხვდება. ხანდახან მგონია, რომ მათაც თავისი სული აქვთ და ჩემთან ერთად ცხოვრობენ.

ამიტომ ჩემთვის ეს ბინა უბრალოდ ინტერიერი არ არის. ეს არის ცოცხალი სივრცე — პატარა მუზეუმი, რომელიც ჩემს ცხოვრებასთან ერთად მოგზაურობს დროში და ერთმანეთს ვულამაზებთ ყოფას.




