ადგილი ჩვენი ორსართულიანი სახლის მშენებლობისთვის მე და ჩემმა მეუღლემ დაახლოებით 15 წლის წინ შევიძინეთ “კაკლებში”. მაშინ აქ განაშენიანება ჯერ დაწყებულიც არ იყო. თავიდანვე მოვიხიბლეთ საოცარი ხედით, რომელიც მთელს ქალაქზე იშლება. მშენებლობა შეფერხებებით მიმდინარეობდა და მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოვახერხეთ სახლის დასრულება. მთელი ეს წლები ამ სახლზე ფიქრში გავატარეთ, ათასნაირი პროექტი შევიმუშავეთ და წარმოდგენებში ყველა ვერსიაში ვიცხოვრეთ კიდეც. აქედან გამომდინარე ზუსტად ვიცოდით რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს, აქცენტები რაზე უნდა გაკეთებულიყო. ჩვენი იდეების ჩამოყალიბებაში, ჩემი მეუღლის დედა, არქიტექტორი მარიკა ცაგარელი გვეხმარებოდა, რომელმაც რამოდენიმე პროექტი გაგვიკეთა. თავიდანვე ეზოიანი, ერთსართულიანი სახლი გვქონდა ჩანაფიქრში.
მიწა რელიეფური შეგვხვდა, ამიტომ საბოლოო ჯამში სახლი ორსართულიანი გამოვიდა. საცხოვრებელი ნაწილი მთლიანად ზედა სართულზე ავწიეთ, ასე რომ ხედს დაბრკოლება არ შეხებია. ჩვენ და ჩვენს არქიტექტორს არ გვიყვარს კორიდორები და გამოხურული ოთახები, ამიტომ მთლიანი სივრცე არის მაქსიმალურად გაშლილი, ვიტრაჟული, ნათელი, გამჭვირვალე. ამასთან ერთად არის იზოლირების საშუალებაც, საძინებლების სექციაში განსაკუთრებით. სამზარეულოზე გავითვალისწინეთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, რომ ყველას, რა ზომისაც არ უნდა იყოს სამზარეულო, აქ ურჩევნია ყოფნა. ამიტომ სამზარეულო გავაკეთეთ დიდი და ამ სივრცეშივე მოვაქციეთ სასადილო ოთახი, რბილი ავეჯითა და ტელევიზორით. დიზაინის მხარე მე და ჩემმა მეუღლემ ვითავეთ.
რაიმე განსაკუთრებულ ტრენდზე არ გვიფიქრია. საბოლოო ჯამში რაც გამოვიდა, მე თანამედროვე კლასიკურ სტილს დავარქმევდი. ინტერიერს ძირითადად ჩემი შვილის, ელენე ჭიაურელის ნახატები ამშვენებს. ნაწილი ჩემი შეგროვილი კოლექციიდან არის. მცენარეები ჩემი სისუსტეა, რასაც ალბათ შეამჩნევდით. ავეჯზე ნატურალური მასალები გამოვიყენეთ, ასწლიანი მუხის შემოსასვლელი კარი, 200 წლიანი მუხის სამზარეულო… ეს ჩემი სულიერი სიმშვიდის ადგილია, რომელმაც სახლში ყოფნა შემაყვარა. სადაც არ უნდა ვიყო, სულ აქ მოვიჩქარი. ჩემი მეგობრებისა და ნათესავების საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდა, ყველას აქ უნდა ყოფნა და მეც მიხარია მათი მასპინძლობა. ჩემი სახლი “მაი სფეისია”, საუკეთესო სივრცე ხალხმრავლობისა და განმარტოებისთვის.