სახლი ძველ უბანში – სოფო მახათაძის ინტერიერი

ეს სახლი ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი ერთობლივი ბინაა. ნაქირავებ სივრცეებს, სადაც მანამდე გვიცხოვრია, ყოველთვის ვალამაზებდი, თუმცა იმის განცდა, რომ ის სახლები ჩემი არ იყო, სულ თან დამყვებოდა. ვოცნებობდი სახლზე, რომელიც ჩვენი საკუთარი იქნებოდა და ისე მოვაწყობდი, როგორც მინდოდა. სახლის   ძიებისას, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ბინა ყოფილიყო ძველ უბანში და ჰქონოდა მაღალი ჭერი. ეს ბინა, ჯავახიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით სამი წლის წინ ვიპოვეთ.

იმასთან შედარებით, რასაც ახლა ხედავთ, აქაურობა რადიკალურად განსხვავდებოდა, მაგრამ ორივემ ჩვენი მომავალი სახლი ამ სივრცეში დავინახეთ და გადაწყვეტილებაზე დიდხანს არ გვიფიქრია. შენობა ასაკის გამო ისტორიული ძეგლია. გადავწყვიტეთ, სივრცისთვის პირვანდელი სახე დაგვებრუნებინა და შუშაბანდით დავიწყეთ. ძალიან დიდი ხანი ველოდეთ მერიის ნებართვებს სხვადასხვა საკითხებზე. როგორც ხდება ხოლმე ძველ სახლებში, რემონტის დროს ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. მაგალიად, გვეგონა, ძველ იატაკს შევინარჩუნებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლიანად ასაყრელი იყო. ფაქტობრივად მთელი სართულის თავიდან გამაგრება მოგვიწია, რამაც ძალიან დიდი დრო და ორმაგი ბიუჯეტი წაიღო. თუმცა არ ვნანობთ, რადგან შედეგი წვალებად ღირდა.

ბინის გეგმარება საერთოდ არ შეგვიცვლია. ძველი სახლებისთვის დამახასიათებელი შუშაბანდიანი კორიდორი, საიდანაც სხვა ოთახებში გადიხარ, უცვლელი დავტოვეთ. ჩვენს საძინებელში სველი წერტილი და პატარა გარდერობი დავამატეთ. გავაკეთეთ პატარა სამზარეულოც, რომელიც ბინას საერთოდ არ ჰქონდა, რადგან როგორც ძველი კომუნალური სისტემის ბინებს ახასიათებთ, სამზარეულო თავის დროზე სავარაუდოდ კორიდორში ჰქონდა განთავსებული.

მართალი გითხრათ, როდესაც ბინა შევიძინეთ, ბავშვებს ჯერ არ ვგეგმავდით. რემონტი იმდენ ხანს გაგრძელდა ,რომ ტყუპებიც გაჩნდნენ და ამ ფაქტმა თავისთავად სახლის განაწილებაში დიდი ცვლილებები შეიტანა. თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა ყველაფერი თვითონ გამეკეთებინა. არ დაგიმალავთ, ოყო მომენტები, როდესაც ისე გართულდა პროცესი, რომ ვინანე, ამხელა პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება. საკმაოდ გამიჭირდა ხელოსნებთან ურთიერთობაც. თუმცა საბოლოო შედეგით მიღებული სიამოვნება შეუდარებელი გრძნობა იყო.

ჩემი სურვილი იყო შეძლებისდაგვარად ნატურალური მასალები გამოგვეყენებინა. გარკვეულ ფაქტურებზე ეკონომია შევძელით, მაგრამ პარკეტი ხის გავაკეთეთ, რამაც ჯანსაღი გარემო შექმნა. ეს მყუდრო და თბილი ბინა ჩვენი პატარა ოჯახის პირველი სახლია. ძალიან ძვირფასია ჩემთვის ის ფაქტი, რომ აქ ბავშვებით გადმოვედით. როდესაც სახლში შემოვდივარ და კარს ვიკეტავ, ვიცი ჩვენს პატარა სამყაროში ვრჩებით.

სახლი ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც არ მთავრდება და წლებთან ერთად იცვლება. ბევრი რამ სულ სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ბავშვების გამო ეს იდეები შეიცვალა. გაიზრდებიან, ვიცი, კიდევ შეიცვლება. როგორც ჩვენ ვიზრდებით და ვიცვლებით, ისე გაიზრდება და შეიცვლება ჩვენი სახლიც და ეს პროცესი ძალიან მომწონს.

გაზიარება:

გამოწერა