რეალტორ მარიკა ასათიანის სახლი „თბილისი ჰილსში“

პირველად როდესაც მოვხვდი „თბილისი ჰილსის“ სივრცეში, დამეუფლა განცდა, რომ აქ მინდოდა მეცხოვრა. პირველ მომსვლელს ყოველთვის მეტი არჩევანი ხვდება, მაგრამ რაც დიდია არჩევანი, კიდევ უფრო რთულია მისი გაკეთება. ვიცოდი, ნაკვეთები თბილისის ხედებით უფრო მოთხოვნადი და კომერციულად გამართლებული იქნებოდა. საათობით დავდიოდი და ვცდილობდი აურით, ხედით, მზის მოძრაობის ტრაექტორიით მეპოვა ის ადგილი, რომელთანაც გარკვეულ ემოციურ ბმას ვიგრძნობდი, სადაც ჩვენი ოჯახის ცხოვრებას წარმოვიდგენდი. როდესაც ჩვენს ნაკვეთზე პირველად მოვხვდი, მაშინვე ვიგრძენი რომ სწორედ ეს იყო, რასაც ვეძებდი – სწორი ნაკვეთი შემაღლებაზე, მარჯვნივ – სიმწვანეში ჩაფლული მონასტრის და ქვემოთ – ხელისგულივით გადაშლილი დაბლობის ხედით, რომელიც დღემდე მაგიჟებს ამომავალი და ჩამავალი მზის პეიზაჟებით.

 

ნაკვეთი შევიძინეთ და კიდევ უფრო რთული არჩევანს წინ დავდექით. ადგილი თავისი კონფიგურაციისა და გარემოს გათვალისწინებით, თვითონ გვკარნახობდა, რომ სახლი სტანდარტული ვერ იქნებოდა, უნდა მორგებოდა ლანდშაფტს, აეთვისებინა ხედები, გაეთვალისწინებინა მზის მდებარეობა და მორგებოდა ჩვენი ოჯახის ცხოვრების სტილს. თან ყოფილიყო ერგონომიული და ამავე დროს კომფორტული ყველა ფუნქციონალის გათვალისწინებით. ასევე, ვფიქრობდით იმაზე, რომ სახლი ჰარმონიულად ჩამჯდარიყო მომავალ სამეზობლოში, ორგანულად გამოჩენილიყო გოლფის მოედნიდან და მოთამაშეებისთვის და მეზობლებისთვის ხედი არ დაეფარა.

მეგობრების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ ამბიციური პროექტის განხორციელება არაჩვეულებრივ არქიტექტორს, ოთო გოგავას ვანდეთ. ოთოსთან პირველ შეხვედრამდე მეუღლესთან და შვილთან ერთად არაერთხელ გვქონდა ნაფიქრი და ფურცელზე მოხაზულიც კი სახლის ფუნქციური განაწილება, წყობა, გეგმარება. ამიტომ შეხვედრაზე სრულიად მკაფიოდ ჩამოვუყალიბეთ თუ როგორი წარმოგვედგინა ჩვენი სახლი.

სულმოუთქმელად ველოდით პროექტის პირველ სკეჩს, რომელიც თანდათან უფრო დაიხვეწა და სრულიად მოერგო ჩვენს მოთხოვნებს. ოთოსთან მუშაობა ძალიან გაგვიადვილდა, რადგან აბსოლუტურად ითვალისწინებდა ჩვენი ცხოვრების სტილს. ვხედავდი, რომ ის აპროექტებდა არა ლამაზ ან საინტერესო არქიტექტურის სახლს, არამედ ჩვენს სახლს, სახლს, სადაც ჩვენ უნდა გვეგრძნო თავი კარგად.

სახლის არქიტექტურა ჰორიზონტალურად არის განვითარებული, რაც ხედის საუკეთესოდ აღქმის საშუალებას იძლევა ყველა ოთახიდან, ამავე დროს გარემოსთან კარგად  არის ინტეგრირებული და სახლის ორ ფლიგელს შორის მოქცეულ შიდა ეზოს ქარისგან იცავს და სიმყუდროვეს სძენს. სახურავების სხვადასხვა დონეები და შიგნიდან ჭერის სხვადასხვა სიმაღლეები ტექნიკურად რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, მაგრამ არქიტექტურას მეტი საინტერესოობა შესძინა. ინტერიერის მთავარი ელემენტი იყო დიდი ფორმატის ვიტრაჟებში სახლის გარშემო ულამაზესი ლანდშაფტის ინტერიერის მთავარ დეკორაციად – ნახატებივით წარმოდგენა, ექსტერიერის მასალების ინტერიერში შემოტანა და სიმსუბუქის და მინიმალიზმის მისაღწევად დაკიდებული კედლებისა და ჭერის გეომეტრიული ხაზის შექმნა, რაც ფარული პლინტუსებით, ორმაგი შეკიდული ჭერით და ჭერამდე ასული მაღალი კარებით შევძელით.

მშენებლობას 2 წელი დასჭირდა, ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია, პროექტის რეალობაში გადატანა ადვილი საქმე არ აღმოჩნდა. ყველა იდეა, იწყებოდა ფრაზით „ეს არ გამოვა!“. შემდეგ ვიწყებდით რენდერების, პინტერესტის მუდბორდების, იუთუბის ვიდეოების მოშველიებით ტექნოლოგიაში გარკვევას და  მშენებლების დარწმუნებას, რომ ბოლომდე მიგვეყვანა ჩანაფიქრი.

ამ პერიოდში ჩვენი შვილი სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა. მე და ჩემი მეუღლე მარტო დავრჩით და მთელი ჩვენი ენერგია და ჩვენ-ჩვენი საქმიდან გამონთავისუფლებული დრო მშენებლობას დავუთმეთ, ერთგვარი თერაპიაც აღმოჩნდა, რამაც ჩვენს ერთადერთ შვილთან განშორებაც გადაგვატანინა და ახალი ჰობიც შეგვძინა.

სახლში გასული წლის ნოემბერში გადმოვედით, როცა ბოლომდე დასრულებულიც კი არ გვქონდა. ბოლო 2 თვე პრაქტიკულად მიმდინარე რემონტის პირობებში ვიცხოვრეთ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სახლი ფორსირებულ რეჟიმში საახალწლოდ დაგვესრულებინა. ნათქვამია, რემონტს თუ შეწყვეტ, თორემ თავისით არასდროს სრულდება…

თითქმის ერთი წელია აქ ვცხოვრობთ და ოთხივე სეზონი გავიარეთ. აქ ყველა დრო თავისებურად საინტერესო და ლამაზია. დაწყებული შემოდგომის ქარვისფერი შუქის შემოღვრით სახლის ინტერიერში, თეთრად გადაპენტილი ზამთრის ზღაპრული პეიზაჟებით ბუხრის ტკაცატკუცის ფონზე, გაზაფხულის ნისლში გახვეული დილის სიჩუმით და ბოლოს ზაფხული –  ბავშვობიდან ყველასთვის სანატრელი არდადეგების დრო, რომლის მთავარი გმირი, ჩვენი აუზი აუცილებლად უნდა ვახსენო, რომელიც არამარტო ჩვენი, ჩვენი და ჩვენი შვილის მეგობრების საყვარელი ადგილიც გახდა.

„რა დავარქვაო“ მკითხა ჩემი მეგობრის შვილმა, Wifi-ს გვიყენებდა. „Sweet Sixteen” მეთქი ვუპასუხე დაუფიქრებლად. ასე დაერქვა სახელი. მერე რომ დავფიქრდი, იმდენად სულიერია ეს სახლი ჩვენთვის, რომ მართლაც ეკუთვნის ჰქონდეს საკუთარი სახელი – სახლი მეთექვსმეტე მოედნის წინ, სადაც გვიხარია ცხოვრება, ერთად ყოფნა, სტუმრების მიღება და მათთან ერთად ბედნიერი, მხიარული საათების გატარება როგორც თექვსმეტი წლის ასაკში.

 

გაზიარება:

გამოწერა