ნინო ციციშვილის საზაფხულო სახლი კიკეთში

სახლის ასაშენებლად თავიდანვე გვინდოდა  სიმწვანეში ჩაფლული ადგილი შეგვერჩია, რომელსაც განსაკუთრებული ხედი ექნებოდა. გაგვიმართლა და ვიპოვეთ კიდეც ასეთი. სახლის არქიტექტურის დაგეგმარება ჩემი იდეების საფუძველზე მოხდა. თავიდანვე ვიცოდი როგორი მინდოდა ყოფილიყო სახლი, როგორც ვიზუალურად, ისე სივრცის შიდა განაწილების მხრივ.

ეზო სახლის გარშემო მთლიანობაში 700 კვადრატულია, თუმცა ერთიანი ფართის ნაცვლად, სახლის სხვადასხვა მხარეს ეზოს გარკვეული ნაწილი აკრავს. მაგალითად, სამზარეულოს თავისი პატარა ტერასა ეზო აქვს, სადაც იზოლირებულად არის შესაძლებელი სტუმრების მიღება, მისაღები ოთახის ტერასა აუზზე გადის, კაბინეტის ოთახს კი ეზოს საკუთარი ნაწილი აქვს  მოსასვენებელ სივრცედ.

მეორე სართულზე მხოლოდ საძინებლები განვალაგეთ. ასე რომ იქ მხოლოდ დასაძინებლად ავდივართ. აღსანიშნავია, არაჩვეულებრივი ხედი, რომელიც მეორე სართულიდან იშლება.

მესამე სართულის სიმაღლიდან ხედი იმდენად ლამაზი იყო, რომ არ გვინდოდა ეს შესაძლებლობა დაგვეკარგა, მითუმეტეს, რომ სახლის სწორი სახურავი ამის საშუალებას იძლეოდა და მთლიანი სართული ერთი დიდი ტერასა გავაკეთეთ. მომავალში ვგეგმავთ, რომ აქ სპორტული სივრცე მოვაწყოთ სამაგიდო თამაშებისთვის. ვთვლი, რომ კიკეთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედი სწორედ ჩვენს სახლს აქვს. არ მინდოდა სტანდარტული მაღალი ღობე, როგორიც გვხვდება ხოლმე ქართულ სახლებში და სახლის გარშემო ძალიან დაბალი ღობე გავაკეთე. ხედსაც არაფერმა შეუშალა ხელი.

საცურაო აუზის ინსპირაცია დევიდ ჰოკნის ცნობილი ფერწერული ტილო იყო. შევეცადე მაქსიმალურად მიმემსგავსებინა ნახატს და არ გავუკეთე ამაღლება, როგორც აქვთ ხოლმე აუზების უმრავლესობას. სახლში ინტერიერი სადა და ნათელია, თეთრი ფერის კედლები და ვიტრაჟები მეტ სიმსუბუქეს და გამჭვირვალობას სძენს გარემოს. რადგან სივრცე მინიმალისტურ ესთეტიკაშია გადაწყვეტილი, ავეჯითა და ნივთებით შევეცადე სიმყუდროვე და ფერები შემომეტანა სახლში. ინტერიერისთვის შთაგონების წყარო ჩემთვის მარსელ ბრეიერი და მის ვან დერ როეს ავეჯი გახლდათ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დიდი ზომის ოთხკუთხედი კუნძული სამზარეულოში, რომელიც საკმაო ადგილს იკავებს სივრცეში, მაგრამ ძალზედ პრაქტიკული და კარგი გამოსაყენებელია მოხმარების თვალსაზრისით და თან ვიზუალურადაც ლამაზად გამოიყურება.

გაზიარება:

გამოწერა