მაია ჯიმშელეიშვილის ფერადი ბინა

ჩემი სახლი ის დიდი საჩუქარია, რომელიც სამყარომ გამომიგზავნა. ბინის შესაძენად გარკვეული თანხა მქონდა, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემთვის სასურველი სივრცისთვის არასაკმარისი იქნებოდა. დიდი იმედებით, მაინც მივედი ბაგებში ერთ-ერთი ბინის სანახავად, რომელიც დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ძალიან დასევდიანებული მანქანაში ჩავჯექი და ჩემს წინ შენობაზე დავინახე წარწერა: დარჩენილია ერთი ბინა. დღეს მე ამ სახლში ვცხოვრობ.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დიდი ხანია, ჩემი პროფესიის პარალელურად ინტერიერის დიზაინში ვმუშაობ და არაერთი პროექტი განმიხორციელებია, ამ მიმართულებით, საკუთარი ბინის სივრცის ათვისება და ჩემსავე გემოზე გადაკეთება  სირთულეს არ წარმოადგენდა. ყველაფერი ჩემსა და ჩემი შვილების კომფორტს მოვარგე. თუმცა, როდესაც რემონტი დასრულდა, კარგა ხანს არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი შევძელი და განვახორციელე.

რამოდენიმე აქცენტია ბინაში, რაზეც ეკონომია არ გამიკეთებია, მაგალითად დაძველებული სარკე შემოსასვლელში.

შემოსასვლელი კარები გადმოსვლისთანავე მოვხატე, ორივე მხრიდან. კედლის ნაწილი, რელიეფური მოხატულობით, შედარებით ახალია. შპალერი გამიფუჭდა და ამ პრობლემამ გადამაწყვეტინა მომეხატა კედლის ეს ნაწილიც. კედლის შეკეთების შემდეგ მოხატულობა რელიეფური გამოვიდა, რაც ვფიქრობ მოუხდა საერთო სურათს, ცოტა ექსპერიმენტული ელფერი მისცა.

სახლში მიკიდია ის ნახატები, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომლებსაც ალბათ რთულად შეველეოდი. ყველა ნახატი ჩემი ნაწილია. ხშირად მინდება, რომ ქალი დავხატო, ქალის სხვადასხვა მხარე, და ალბათ ამას ჩემში ვეძებ პირველ რიგში.

საყვარელი ნივთები, ძველი სახლიდან გადმოვიტანე. ბევრი ნივთი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდან არის ჩამოტანილი, „ფლი მარკეტებზე“ ნაყიდი. თვალში მოგხვდებათ ძალიან ბევრი და დიდი მოცულობის წიგნი, არქიტექტურასა და ხელოვნებაზე, რომელიც ჩემი დიდი გატაცებაა და საიდან არ ვეზიდები ხოლმე.

მიყვარს ლამაზი ნივთები და ამ ნივთების შერწყმა და მიქსი, მთავარია განწყობა და ხასიათი იგრძნობოდეს. მაგალითად, მაქვს მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი სკულპტორის მარმარილოს ბიუსტი, რომელიც ძალიან მიყვარს. კომოდი, რაზეც დევს ეს სკულპტურა, კლასიკურ სტილშია შესრულებული, თუმცა თანამედროვე ავეჯია. ჭრელი კომოდი, რომელიც ასევე მე მოვხატე, მეორადებში შევიძინე, ჯერ არ დამისრულებია, პერიოდულად ვამატებ სხვადასხვა დეტალს.

სასადილო მაგიდის მარმარილოს შემთხვევით წავაწყდი, ძალიან მომეწონა რელიეფი და მახსოვს იქვე, ხელით შემოვხაზე ფორმა, რომელიც გამომიჭრეს. ძალიან მიყვარს ჩინეთიდან ჩამოტანილი ნატურალური აბრეშუმის პანოც, რომელიც შპალერში ჩავსვი. ჭერი რაღაც მონაკვეთებში შეულესავი დავტოვე, რომ მეტი სივრცის და ჰაერის შეგრძნება შემენარჩუნებინა.

ბუხარი იმდენად სიმყუდროვესთან ასოცირდება ჩემთვის, რომ ელექტრო ბუხარი დავაყენე, რომელიც ზაფხულის გარდა სულ ჩართულია და განსაკუთრეული განწყობა შემოაქვს სახლში.

მისაღები ოთახი, სახლის ცენტრალური ნაწილი და მისი გული, ჩემი სახელოსნოს ფუნქციასაც ითავსებს. მითუმეტეს ახლა, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ და ხშირად მარტო მიწევს ყოფნა, იატაკზე ვშლი ცელოფანს და ჩემი მისაღები ოთახი სახელოსნოდ გარდაიქმნება. ბუხრის გასწვრივ მოლბერტი ყოველთვის გაშლილი მაქვს. როდესაც ახალ ნამუშევარს ვიწყებ, შეიძლება უშუალოდ არ ვხატავდე, მაგრამ ჩემი ტვინი სულ ჩართულია ახალ ტილოზე ფიქრში. შორიდან ვაკვირდები, ვამატებ ახალ დეტალებს, ეს პროცესი შეიძლება ხანგრძლივი გამოდგეს, ან პირიქით ძალიან მოკლე დროში დავასრულო ნამუშევარი.

ჩემთვის სიმყუდროვის განცდა ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩემი სახლი ჩემი სამყაროა, ჩემი ნავსაყუდელი, ბუდე, სადაც ყველაზე მყუდროდ და დაცულად ვგრძნობ თავს.

გაზიარება:

გამოწერა