ბინის გაკეთების პროცესი თავიდან ბოლომდე ჩემს თავზე ავიღე. მინდოდა სახლი მხოლოდ ჩემს გემოვნებაზე ყოფილიყო მორგებული. პრარაბიც კი მე ვიყავი ბოლოს. ერთადერთი, ჩემი მეგობარი, დიზაინბიუროს მეპატრონე სოფო შევარდნაძე მეხმარებოდა ისეთ საკითხებში, როგორიც იყო ნახაზის გაკეთება, გაყვანილობის დეტალები და ა.შ.
მოთხოვნები განსაკუთრებული არ მქონია. უბრალოდ ვიცოდი, რომ მინდოდა ყოფილიყიო ხარისხიანი და შეიძლება ითქვას ცოტა „გაპრანჭული“ ბინა. საცხოვრებლად კომფორტული რაც მთავარია.
ჟვანიას ქუჩაზე თვითონ შენობა, სადაც ჩემი ბინაა განთავსებული 1998 წელს არის აშენებული. შენობა ოთხსართულიანია და თითო სარათულზე თითო ბინაა განთავსებული. სიმართლე გითხრათ, ჟვანიას ქუჩა იმდენად უინტერესო იყო ჩემთვის, რომ როდესაც ამ ბინის შესახებ მითხრეს, სანახავადაც არ მოვდიოდი. რამაც მომხიბლა, ეს იყო შენობის უკან სრულიად იზოლირებული ეზო. ამ ეზომ მიკარნახა, რომ ეს სივრცე ჩემი უნდა გამხდარიყო და აქ დამედო ბინა.