უცხოელის თვალით დანახული თბილისური ინტერიერი – არტ დილერი კრის გესკერი საკუთარ სახლსა და თბილისზე

4 წლის წინ, თბილისში ჩამოსვლისთანავე, მოვიხიბლე ქალაქის მრავალფეროვანი შარმით.
პირველი თვეები სასტუმროებსა და ნაქირავებ სივრცეებში გავატარე, რათა უკეთ შემეგრძნო უბნებს შორის განსხვავებული ატმოსფერო. სოლოლაკი აღმოჩნდა სწორედ ის ადგილი, რომელმაც თავისი სიმშვიდითა და ისტორიული მიმზიდველობით ჩემი გული დაიპყრო.

ბინის პოვნის პროცესი, ჩემდა გასაკვირად ძალზედ იოლად წარიმართა. პირველსავე დღეს ერთადერთი ბინა, რომელიც ვნახე, ორი საათის შემდეგ შევიძინე კიდეც.


ისტორიული შენობებით დახუნძლულ, მშვიდ ქუჩაზე მდებარე ჩემი ბინა, თავისი შესანიშნავი ბუნებრივი სინათლის წყაროთი, 4 მეტრიანი ჭერით, მუხის იატაკითა და ორი ანტიკური ღუმელით, იშვიათი აღმოჩენა იყო. თბილისში რთულია იპოვო 220 კვადრატული მეტრი ფართის სივრცე, რომელიც დანაწევრებული არ იქნება, რადგან საბჭოთა ეპოქაში, მსგავსი ბინები მოგეხსენებათ სულ დააქუცმაცეს, რამოდენიმე ოჯახის საცხოვრებლად რომ ექციათ.
ბინას ორი აივანი აქვს. ერთიდან შეგიძლიათ ისტორიული ქუჩის სიმშვიდით დატკბეთ, მეორე კი იტალიურ ეზოზე გადის. აქ ყოველი კუთხე ისტორიით სუნთქავს. რემონტის დროს რამდენიმე ნატყვიარიც კი აღმოვაჩინეთ კედლებს მიღმა; წარსული რევოლუციების უხმო დასტური.


სარემონტო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მაგივრად, გადავწყვიტე, გარკვეული დროის მონაკვეთი უბრალოდ მეცხოვრა ბინაში, დავკვირვებოდი და შემეცნო მისი ხასიათი, გამეგო მზის შუქი როგორ ეცემა კუთხეებსა და იატაკს და აღმომეჩინა ჩემი საყვარელი ადგილები.
ამ ინტიმური ცოდნით, ჩემს სარემონტო ჯგუფთან ერთად, რომელსაც ძალზედ ვენდობი და რომელმაც უკვე დამიმტკიცა პროფესიონალიზმი ვერის ბინაზე მუშაობის დროს, 5 თვიანი გარდასახვის მოგზაურობაში შევცურეთ.


რემონტის მსვლელობისას ჩემმა ყოველდღიურმა დასწრებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ყოველი დეტალის დამუშავებამ და გუნდის კითხვებზე პასუხების გაცემამ უზრუნველყო პროგრესი, რომელიც ჩემს ხედვას შეესაბამება.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანებმა შენთვის კი არ იმუშაონ, არამედ შენთან ერთად იმუშაონ, ეს არის ფილოსოფია, რომელსაც საოცარ და საინტერესო შედეგებამდე მივყავართ.
ხელით შერჩეული თუ შეკვეთით დამზადებული ყოველი დეტალი ამ სახლში იმ „ფაზლის“ ნაწილია, რომელმაც საბოლოო ჯამში კომფორტის, სტილისა და ავთენტურობის ნაზავი მოგვცა.


ის რაც ჩემთვის განსაკუთრებით გამამხნევებელი აღმოჩნდა, იყო მეზობლების ჰარმონიული თანაცხოვრება ამ შენობაში. უმრავლესობას ცხოვრების უმეტესი ნაწილი აქ აქვს გატარებული, დისტანციასაც მოწიწებით იცავენ და ამავე დროს მზად არიან დახმარების ხელი გაგიწიონ როცა საჭიროა.
მოკლედ, ეს პროექტი სიყვარულის, შრომის შედეგია, სადაც ისტორიის პატივისცემა და თანამედროვე დიზაინის ხედვა ჰარმონიულად შეერწყა ერთმნეთს. ახლა თბილისთან ახლოს ჩემი მთის კაბინის მშენებლობას ვამთავრებ და უკვე ახალი პროექტის ძიებაში ვარ.
თბილისი უდაოდ სავსეა შესაძლებლობებით. მისი ძველი შენობები საგანძურია, რომელიც გახსნას ელოდება.

გაზიარება:

გამოწერა