კინოს მხატვარ ნინო ჩაბრაძის სახლი კიკეთში

პანდემიის დროს, ისევე როგორც ბევრმა იმ პერიოდში, გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ გვეცადა ცხოვრება და კიკეთში, ჩემი მეუღლის წინაპრების, კერძოდ დიდი ბაბუის ძველი, ასი წლის წინანდელი კარმიდამოს ათვისება დავიწყეთ. საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა და თავიდან არცთუისე იოლი იყო აქ დაბინავება. სანამ იმ შედეგამდე მივედით, რასაც დღეს ხედავთ, ჩვენი ცხოვრების ათი წელი წავიდა. შეიძლება ითქვას მხოლოდ წელს დაემსგავსა სახლი იმას, რაც იყო ჩვენი ჩანაფიქრი.

თავიდანვე განსაკუთრებით მომხიბლა თავად სახლმა,როგორც ნაგებობამ: მინიმალისტური, ბელეტაჟის გარეშე, მიწასთან ძალიან ახლოს. პირველი რაც გავაკეთეთ გავხსენით შიდა სივრცეები და მეტი ტყე შემოვიყვანეთ ინტერიერში.

ეზოში ასი უძველესი მუხა გვიდგას. ეზოსაც ვერ დავარქმევ, ფაქტიურად მუხის ტყეში ვცხოვრობთ. საოცარია. სახლის ერთ მხარეს წყარო ჩამოდის, მეორე მხარეს ეს ტყეა. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე რა ზღაპრულ გარემოში ვცხოვრობ.

ბევრი საინტერესო ისტორია აქვს აქაურობას. მაგალითად, გადმოცემით ვიცით, რომ როდესაც დიდმა ბაბუამ ეს სახლი იყიდა, ამ შენობაში ფოსტა იყო განთავსებული. ეზო და მისი შემოგარენი იმდენად ძველია, რომ არქეოლოგიურ გათხრებს გეგმავენ, რადგან ძველი სამარხებია ნაპოვნი. ასეთი მისტიური ელფერიც დაჰკრავს აქაურობას.

ეზოში არც ერთი ხე არ მოჭრილა. რელიეფი დაღმართია, კლდეებით სავსე. აღმოვაჩინე,რომ არსებობს მეთოდი როგორ მოედოს ხავსი კლდეს. ერთადერთი რასაც შევეხე, იყო კლდე, რომ მეტი ხავსი მოსდებოდა. მე თვითონ ძალიან ბევრი რამ დავრგე ეზოში, ნაძვები, ვარდები, სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები.

კლიმატი ძალიან მკაცრი გვაქვს. საერთოდ ქალაქგარეთ ცხოვრებას აქვს თავისი გამოწვევები, მზად უნდა იყო ზაფხულისთვისაც, ზამთრისთვისაც, ქარისთვისაც, წვიმისთვისაც,  წარღვნისთვის და ა.შ. ადვილი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა სწავლობ კლიმატს და სახლსაც არგებ. წლების განმავლობაში ეს გამოცდილება მოდის.

გაზიარება:

გამოწერა