ჩემი პირველი პროფესია ბიზნესის მართვაა, ბანკის განხრით. ინტერიერის დიზაინით პირველად 7 წლის წინ დავინტერესდი, როდესაც ახალშეძენილი ბინის რემონტის გაკეთება თავად მომიწია. პროცესმა ძალიან ჩამითრია და როგორც იტყვიან, მოვიწამლე ამ პროფესიით. ბინას, რომელიც შემდეგში გავაქირავეთ, დიდი დაინტერესება მოჰყვა. კითხულობდნენ ვინ იყო მისი დიზაინერი, ვინ დააპროექტა და ა. შ. სანაცნობო წრიდან წამოვიდა შეკვეთები.
შემდეგ კოვიდი დაიწყო. მე ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და ერთდღიან ინტერიერის დიზაინის მასტერკლასზე დავრეგისტრირდი. მომეწონა, კიდევ უფრო დავინტერესდი. “ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში” ერთ თვიანი კურსი ავიღე, სადაც საბაზისო დონეზე დავეუფლე დიზაინის ძირითად პროგრამებს. თათა სვანაძე იყო ჩემი ლექტორი. კურსის მერე, მივხვდი, რომ უკვე სერიოზულად მაინტერესებდა ეს პროფესია და ერთწლიანი კურსი დავასრულე „პარადოქს პლიუსში“, სადაც უკვე საფუძვლიანად შევისწავლე პროგრამები. პარალელურად, ჩემს მეგობართან გავიარე ტრენინგი მის კომპანიაში – „ვალიშვილი არქიტექტს“. პირველი დამოუკიდებელი შეკვეთა ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ავიღე. პირველი შეკვეთის შემდეგ სამუშაო სისტემატიურად მაქვს. ასე გავხდი ინტერიერის დიზაინერი.
ჩემს ინტერიერებს რაღაც საერთო ხელწერა ეტყობათ, თუმცა ეს სტილი დროთა განმავლობაში თავისთავად ჩამოყალიბდა. მუშაობის დროს, არ ვფიქრობ რაიმე კონკრეტულ ესთეტიკაზე, არ მივყვები ერთ მიმართულებას. მიყვარს ვინტაჟის და თანამედროვე სტილის შერწყმა, ეკლექტიკა. ყოველდღიურად ვიხვეწები, სტილი თითქოს ერთია, მაგრამ ახალი დეტალები ემატება. რასაკვირველია, თვითონ სივრცეებიც მკარნახობს რა მიმართულებით წავიდე. დამკვეთთან გარკვეული ქიმია და თანხვედრაც უნდა მქონდეს, რომ პროექტი შედგეს.
ბინა, რომელშიც მე უშუალოდ ვცხოვრობ, კოვიდამდე შევიძინეთ. მისი გარემონტება მანამდე დავიწყეთ, სანამ მე ახალ პროფესიას ავირჩევდი. თუმცა რაღაც დროის შემდეგ გავჩერდით და ინტერიერის ნაწილი მაშინ გავაგრძელეთ, როდესაც უკვე ახალ პროფესიაში ვყალიბდებოდი. ეს იყო ყველანაირი რენდერებისა და ნახაზების გარეშე გაკეთებული ბინა, მხოლოდ ინტუიციითა და გულით ნაკარნახები. რემონტის დროს ეტაპობრივად მოდიოდა იდეები. სამი სხვადასხვა ბინა გავაერთიანეთ, აბსოლუტურად გავაშიშვლეთ, და თავდიან ამოვიყვანეთ ტიხრები. ძირითადად სახლიდან ვმუშაობ, შესაბამისად დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან, ასე რომ სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან გვიყვარს სტუმრიანობა ჩვენს სახლში, ეს მომენტიც რასაკვირველია გავითვალისწინე.
პირველი შეკვეთა ძველ თბილისში გავაკეთე. მე თვითონ განსაკუთრებით მიყვარს ძველი თბილისური ბინები: მაღალი ჭერი, შუშაბანდი. ყოველთვის ვცდილობ, ბუნებრივი მასალები შემოვიტანო ინტერიერში, რადგან ვთვლი, რომ სხვა სიცოცხლეს აძლევს გარემოს და უფრო ესთეტურიც არის ჩემთვის. ისე მოხდა, რომ ყველამ როგორც ძველი ბინების ინტერიერის დიზაინერი ისე გამიცნო და მეც ჩემდაუნებურად ეს ნიშა დავიჭირე.
საერთოდ, ბევრი დღიური გაქირავების ბინების პროექტი მაქვს განხორციელებული. ვფიქრობ, რომ მიზეზი, რატომაც ხშირად მე მომმართავენ ხოლმე ასეთი ტიპის ბინების გასაკეთებლად, არის ის, რომ ხასიათიანი ბინები უნდათ. სამოგზაუროდ როდესაც მიდიხარ, ვფიქრობ თავგადასავალს ეძებ და რაღაც განსაკუთრებული გინდა. აი, ეს მომენტი ჩავიჭირე ჩემთვის. ეს ბინები არ უნდა იყოს სტანდარტული, თეთრი, „მოდერნი“, არამედ უფრო ქართული ავთენტური ხასიათის მატარებელი.
თბილისური ბინებისთვის დამახასიათებელი კომპონენტების ჩემი საყვარელი ხუთეულია: მაღალი ჭერი, ხის იატაკი, ხის კარ-ფანჯარა და დარაბები, შუშაბანდი და მოხატული კედელი, თუ ეს ფუფუნება შემხვდა. რადგანაც ჩვენს საკუთარ ბინაში მოხატული კედელი ვერ აღმოვაჩინეთ, ამიტომ ავდექი და მოვახატინე მხატვარს. მოხატული კედლები, ისტორიას ყვება და სახლიც ისტორიას უნდა ყვებოდეს…