ინტერვიუ დიზაინერთან – ლევან დავლიანიძე

პროფესიით არქიტექტორი გახლავართ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი. ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ დავბრუნდი, საიდანაც ვარ წარმოშობით და ამასთან ერთად საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი პროექტი განვახორციელე, როგორც ინტერიერის დიზაინერმა. ახლა მესამეზე ვმუშაობ.

პირველი ბინა თბილისში შარშან გავუკეთე ცნობილ რუს ჟურნალისტს, რომელიც მეუღლესთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბინა უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. ე.წ. სტალინური ტიპის შენობაში. მუშაობის დროს როგორც იტყვიან, მთლიანი „კარტ ბლანში“ მქონდა ბინის მეპატრონეებისგან, ბოლომდე მენდობოდნენ. როდესაც დამკვეთი მენდობა, შედეგი ყოველთვის იდეალური გამოდის. რასაკვირველია, თავიდან რთული იყო. ყველაფრის ნოლიდან დაწყება იქ, სადაც არავის იცნობ და არაფერი იცი, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემი მოსკოველი პრარაბი, რომელიც ასევე თბილისშია დაბადებული და გაზრდილი, ქართულადაც საუბრობს და აქ ნათესავებიც ჰყავს, ჩემსავით საქართველოში დაბრუნდა და თავის ნათესავებთან ერთად ძალიან კარგი და ხარისხიანი სამუშაო გამიწია.

სარემონტო სამუშაოები ერთი წელი გაგრძელდა. ბინას თავისთავად კარგი და გეგმარება ჰქონდა, ამიტომ კედლებისთვის ხელი არ გვიხლია, უბრალოდ ოთახების განლაგება გადავაადგილეთ, რადგან ბინის პატრონებს სტუმრიანობა უყვართ და ეს მომენტი გავითვალისწინეთ. მთლიანი ბინა ორ ფერშია გადაწყვეტილი: თეთრი და მუხისფერი. სადაც შესაძლებელი იყო არსებული მუხის პარკეტი დავტოვეთ, დანარჩენი კი მის მიხედვით აღვადგინეთ.

დამკვეთებს სურდათ ბინას ისეთი დიზაინი ჰქონოდა, რომელიც რამოდენიმე წელიწადში არ მობეზრდებოდათ. თბილისური ბინის ატმოსფერო, რასაც ნაწილობრივ სტალინური სახლის ტიპიც განაპირობებს შერწყმული ბერლინურ ესთეტიკასთან. სანათები იტალიიდან ჩამოიტანეს. ავეჯის ნაწილი საქართველოში არის ნაყიდი, ნაწილი შეკვეთით დამზადდა ადგილობრივ ხელოსნებთან, მათ შორის სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯიც. რაჭული მუხის მაგიდა მაგალითად, რომელიც ძალიან კარგმა ქართველმა ხის ხელოსანმა დაგვიმზადა. საძინებლის კარადა ჩემი დიზაინია.

პირველი ბინის გაკეთება თბილისში თავისთავად დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. დეტალების რამოდენიმეჯერ გადაკეთებას თუ არ ჩავთვლით, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად და ხარისხიანად გაკეთდა. რასაკვირველია ვადები გაიწელა და პატარ-პატარა სირთულეები იყო, მაგრამ მთლიანობაში ჩემი პირველი ქართული გამოცდილება პოზიტიური აღმოჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი გამოვიდოდა, მაგრამ მინდოდა საუკეთესო ყოფილიყო. მემგონი შედეგმა გაამართლა. დამკვეთები აღფრთოვანებულები დარჩნენ და ვინც მათ სტუმრობს, – „თბილისურ-ბერლინური შიკი“ ყველას მოწონებას იმსახურებს.

გაზიარება:

გამოწერა