როდესაც აქ პირველად შემოვდგი ფეხი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სახლი მე მელოდებოდა, თითქოს მთხოვდა, მომეცი საშუალება ხმა ამოვიღო და ყველა ის ისტორია მოგიყვე რაც ამ კედლებშიაო. შენობა ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში 1910 წელსაა აშენებული პოეტ პაოლო იაშვილის მამის, ჯიბრაილ იაშვილის მიერ. პაოლოს სახლში დაიბადა ჟურნალები „ოქროს ვერძი“ და „ცისფერი ყანწები“. აქ იკრიბებოდნენ გალაკტიონი, ტიციანი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ივანე ყიფიანი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და სხვა. სახლს სტუმრობდნენ ბორის პასტერნაკი და კონსტანტინე ბალმონტი… მათი გავლენა ინტერიერში დღესაც აისახება: კარის სახელურები, რომლებსაც ყანწის ფორმა აქვს, დიდი ჭაღი სასადილო ოთახში იმ მაგიდის თავზე, რომლის გარშემოც იკრიბებოდნენ და ახალ სიტყვას ქმნიდნენ ქართულ ლიტერატურაში. დრო გადიოდა. სახლს მეპატრონეები ეცვლებოდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ჩვენი ოჯახის დიდი ბაბუა, ანტონ ხეცურიანი ამ სახლის ხშირი სტუმარი გახლდათ, რადგან მეგობრობდა იმ პერიოდის ქუთაისის ხელმძღვანელ გრიგოლ ნარსიასთან. ნარსიას ოჯახი იმხანად სახლის მეპატრონე გახდა. გადის წლები და სახლს კვლავ ეცვლება პატრონი – აქ თბილისიდან ქუთაისში მეორე მუსიკალური სკოლის შესაქმნელად სპეციალურად მოვლენილი მუსიკოსი რამაზ ფურცელაძე სახლდება. მასთან ახალგაზრდა გოგონა დადის ფორტეპიანოზე სამეცადინოდ და აქ სტუმრობით ჯადოსნურ სამყაროში გრძნობს თავს. ეს ახალგაზრდა გოგონა მომავალში ჩემი დედამთილი მარინე შაშიაშვილი ხდება. მომდევნო 30 წლის მანძილზე სახლი სრულიად მარტოა. დაკეტილი. მოწყენილი და ახლის მოლოდინში… საქართველოდან წასული ვიყავი წლების მანძილზე. ერთხელ, ჩემს მეგობრებს, კოსტიუმის დიზაინერებს, რომლებიც ახალ კოლექციაზე მუშაობდნენ, ვურჩიე ქუთაისში მოეძებნათ ძველი „ხასიათიანი“ ინტერიერი და იქ გადაეღოთ თავიანთი კოლექცია. რამოდენიმე დღეში მიგზავნიან ფოტოებს… სასწრაფოდ ჩამოვფრინდი. სახლი მე მელოდებოდა..
ასევე მუსიკოსმა, ქალბატონმა ქეთინო ბუაძემ, ერთ დღეში მოგვიძებნა ბინის მეპატრონე, რომელიც დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და ქუთაისში დაბრუნებას არ ფიქრობს. ის რაც მე განვიცადე სახლში პირველად შესვლისას, გადმოუცემელი ემოცია იყო. იგივე ემოციას განვიცდი ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში მივდივარ. ქუთაისში ბავშვობის მერე არ მიცხოვრია. ჩემს წარმოსახვაში ქუთაისი ყოველთვის იყო ქალაქი, დილას ფრანგული საუზმით რომ იწყებდნენ, საღამოობით კი აივნებთან სერენადებს მღეროდნენ. ქალაქი, რომელიც ფაეტონებით მოსეირნე გოგო-ბიჭებით იყო სავსე, ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს რომ უგზავნიან. სწორედ ასეთ ქალაქში, ხეცურიანების დიდი ოჯახიც დიდი მაგიდის ირგვლივ იკრიბებოდა ყოველ დღე. დღეს ეს მაგიდა ჩვენთვის მხოლოდ მოგონების ნაწილი არ არის. ეს მაგიდა ჩვენს ოჯახს ისევ აერთიანებს. აღმოჩნდა რომ შეცდომით სახლს ძეგლის სტატუსი მოხსნილი ჰქონდა და უყოვნებლივ აღვადგინეთ. ქალბატონმა ნანა კუპრაშვილმა სამხატვრო აკადემიიდან, შეგვიკრიბა რესტავრატორების არაჩვეულებრივი ჯგუფი. უფრო კონსერვაციის გზით წავედით. ვცდილობდით სახლისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა ჩვენი ჩარევით. კონსერვაცია-რესტავრაცია ერთი წელი გრძელდებოდა. ამ ფრთხილი მიდგომით სახლმა ხმა ამოიღო და ის სახე გამოაჩინა, რაც მრავალი ფენის მიღმა იმალებოდა. კედლები მოწვეული ფრანგი მხატვრის მიერ იყო მოხატული, ჭერზე არტ ნუვოს კვალი გამოჩნდა. სახლმა თავიდან დაიწყო სუნთქვა. ინტერიერის დიზაინზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან თავად სახლი მკარნახობდა მას სად რა უნდოდა. ბევრი დეტალი იმ მოგონებებიდან გაცოცხლდა, რაც ხეცურიანების ქუთაისის საგვარეულო სახლს უკავშირდება და რომლის ისტორიას ჩემი მეუღლე ისე გვიამბობს, თითქოს ჩვენი საკუთარი მოგონებები იყოს. ხეცურიანების ისტორიული სახლიდან გვაქვს შემორჩენილი დეკორის რამოდენიმე ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ნივთი. ზოგადად კი, ავეჯი და დეკორის ნივთები რვა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიტანეთ. მინდოდა სახლს ისეთი განწყობა ჰქონოდა, რომ დრო აქ არ შეჩერებულა. ბევრმა ეპოქამ და თაობამ გაიარა, დღემდე მოვიდა და კიდევ წავა არაერთი ცხოვრება თავისი ისტორიებით და ადამიანებით. აქ ყველას კვალი უნდა იგრძნობოდეს და დრო დინამიური უნდა იყოს, ძველი და ახალი მაცხოვრებლების სახით. მიყვარს ჩემი სახლი, ჩემს ქუთაისში.