ინტერიერის დიზაინერად მუშაობა პირველად ჩემი ბინიდან დავიწყე. მერე მეგობრის ბინაზე გადავედი, შემდეგ სასტუმროს დიზაინი გავაკეთე, ამას კაფის ინტერიერი მოჰყვა, მერე ტენდერი მოვიგე და ასე, თვალსა და ხელს შუა, სრულიად მოულოდნელად, ამ ამბავში ამოვყავი თავი.
რასაკვირველია, მეცადინეობაც დამჭირდა. შევისწავლე ხაზვის პროგრამები და პროფესიული ლიტერატურა. ასე იქცა ეს ჰობი ნელნელა პროფესიად.
„ინტერიერის დიზაინერი“ ვართქო მაინც ვერ ვამბობ. უბრალოდ, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის „რაღაცეებს ვაკეთებ“ და ამბობენ, რომ „კარგად გამომდის“.
ამ ბინის ბინადრებიც ჩემი მეგობრები არიან და უკვე 20 წელია ამ სახლში ცხოვრობენ. სახლი დროთა განმავლობაში იცვლებდა და იზრდებოდა და ასე ჩამოყალიბდა იმ სივრცედ, სადაც ყველას ასე უყვარს ყოფნა.
ეს ისტორია კი ერთი პატარა სახურავის შეძენით იწყება, რომელიც დღეს ორსართულიან სახლად იქცა. როცა ვერ ეტევი, სივრცე არ გყოფნის, სულ გამოსავალს ეძებ. ჯერ ერთი ოთახი მიიერთეს, საით გავჭრათ კარიო, მერე წიგნები დაგვიგროვდა, ბიბლიოთეკა გვინდაო, უი, ნახატებისთვის გალერეა ხომ არ გავაკეთოთო, ეს კედელი რა ფრად გადავღებოთ, სამზარეულო როგორ გავადიდოთო და ასე ავედით მეორე სართულზე. ულამაზესი ტერასა, საოცარი ხედით მთელს თბილისზე, წელიწადის ყველა დროს მწვანეა. ძალიან დიდი დრო დავუთმეთ გამწვანებას და მცენარეების შერჩევას, რომ მუდამ მწვანე გარემო ყოფილიყო გარშემო.