დუხობორების ეთნო-ინტერიერი

Interieri Magazine

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში რუსეთიდან გამოძევებული დუხობორების ნაწილი საქართველოში, სამცხე-­ჯავახეთის რეგიონში კომუნებად დასახლდა. სოფლებს მშობლიური სახელები დაარქვეს: ტამბოვკა, ბოგდანოვკა (ახლანდელი ნინოწმინდა) გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცოვკა (ახლანდელი სამება) და როდიონოვკა.

დუხობორები („სულისათვის მებრძოლნი“) თავს არც ერთი რელიგიის მიმდევრებად არ მიიჩნევენ. თვლიან, რომ დუხობორობა არა რელიგია, არამედ მსოფლმხედველობაა. ისინი არ ცნობენ ეკლესიას, ხატებს, სასულიერო პირებს. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილები ყოველ კვირა დღეს ლოცვისთვის განკუთვნილ სახლში იკრიბებიან სოფელ გორელოვკაში, რომელიც მსოფლიოში გაბნეულ დუხობორთა ცენტრად ითვლება.

ერთსართულიანი თეთრი სახლები, ლურჯი და მწვანე, ყვავილებით მოხატული დარაბები, მიწის სახურავები, რომლითაც ჯავახეთში ყინვისგან იცავდნენ თავს, წეროების ბუდეები ელექტროგადამცემ ბოძებზე, ეს ყველაფერი იმ განსაკუთრებულ ესთეტიკას ქმნის, რომელიც გორელოვკას დანარჩენი სოფლებისგან გამოარჩევს. დუხობორების სუბკულტურისთვის დამახასიათებელი ავეჯი და ნივთები გორელოვკაში მდებარე მუზეუმში ინახება.

 

 

ინტერიერში თეთრი და ცისფერი ჭარბობს. ბუხრები ფერადი ორნამენტებითაა გაფორმებული. ოთახები ხელნაკეთი ნივთებითაა მორთული. ცოცხალი, მჭახე ფერებით მოქარგული ტილოები, ფარდები და ბალიშები სიმბოლოებით დატვირთული კომპოზიციებით გამოირჩევა. დღესდღეობით, გორელოვკაში ძირითადად, ასაკოვანი დუხობორები შემორჩნენ, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უმეტესობამ საქართველო დატოვა და რუსეთში დაბრუნდა. გორელოვკაში შემორჩენილი დუხობორები ცდილობენ საკუთარი კულტურისა და რწმენის შენარჩუნებას, რომელიც მოსახლეობის შემცირებასთან ერთად, გაქრობის საშიშროების წინაშე დგას.

 

გაზიარება:

გამოწერა