ბოლო 12 წლის განმავლობაში, უკვე მეხუთე ბინაა, რომელიც გამოვიცვალე. ყველა ჩემი სახლი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის დგებოდა მომენტი, როდესაც სხვაგან წასვლა მინდებოდა. გაყიდვების აგენტმა, რომელიც ჩემი მეგობარია, არც იცოდა იმ პერიოდში ისევ ახალის სურვილით რომ ვიყავი შეპყრობილი, უბრალოდ დამირეკა, შენ რომ მოგეწონება, ისეთი რამ მინდა გაჩვენოო.
მახსოვს, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, უზარმაზარი ჭადრის გვერდით რომ ვიდექი, ახლა პირდაპირ ჩემს აივანზე რომ შემოდის, ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ მშვენიერ დღეს, ამ გრანდიოზულ შენობაში თუ დავიდებდი ბინას. იმ ღამეს რასაკვირველია ვერ დავიძინე და ორი თვის თავზე ბინა ვიყიდეთ. დავიწყე „დიდი გადაკეთება“.
ბინის მთლიანი დაგეგმარების შეცვლა მომიწია, რომ ჩემი ოჯახის კომფორტზე მომერგო. პირველ რიგში სართულების იზოლირება გაკეთდა, რადგან მთლიანი ბინა ორ სართულზე იყო განლაგებული. მე მხოლოდ ნაწილი შევიძინე. ამის გამო, ერთ-ერთ ოთახში, უზარმაზარი კიბის მოშლა და შემოსასვლელი კარის სხვა მხარეს გადატანა დაგვჭირდა. სამაგიეროდ სტილს ხელი არ ვახლე. ბინა იმდენად გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყო თავისი კარნიზებით, დარაბებით, მაღალი ჭერით და საოცარი აივნით, რომ მე უბრალოდ განვაახლე, გავათეთრე და გავასუფთავე.
ეს სახლი, ისევე როგორც მთლიანად უბანი, სავარაუდოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მიგრაციის დროს ჩამოსული გერმანელების აშენებულია. ამიტომაც დაჰკრავს აქაურობას ევროპული იერი. როგორც აღვნიშნე, არაერთი ბინა გამომიცვლია, მაგრამ სახლში, რომელიც ისეა დაგეგმარებული, რომ წრეზე დადიხარ, არასოდეს მიცხოვრია. ეს უცხო დეტალი ამ სივრცეს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. ინტერიერი მთლიანად წინა სახლებიდან წამოღებული ნივთებით არის მოწყობილი. ავეჯის დიდი ნაწილი ჩემია, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდი. აჭარელი ბებიების ნაქარგი ჩიტი ვთვლი, რომ ჩემი სახლის ერთ-ერთი მშვენებაა.
ამ სახლზე სინამდვილეში მინიმალური ენერგია მაქვს დახარჯული, რადგან მოცემულობა იყო ისეთი, რომ ყველაფერი მომწონდა. სამზარეულოს ავეჯიც კი ხელუხლებელი დავტოვე, იმდენად ავთენტური და ფუნქციური იყო აქაურობისთვის. მთელს სახლში ცენტრალური განათება იყო გაყვანილი, რასაც ასევე ხელი არ ვახლე, მხოლოდ კედლებზე დავამატე გარკვეული სანათები. აბაზანაში მეტლახი არ მომწონდა,მაგრამ აყრაც არ მინდოდა, ამიტომ ზემოდან მიკროცემენტი გადავასხი. ამ გზით დამუშავებულმა ზედაპირმა, საინტერესო შედეგი მოგვცა თან დამცავი ფენაა და თან თავისი ხიბლი აქვს. ცდუნებას ვერ გავუძელი და ხელუხლებელი დავტოვე
შუშაბანდიც, მიუხედავად ზამთარში სიცივის რისკისა. ეზოში ულამაზესი რკინის კიბე გვაქვს და ფეიხოას ხე გვიდგას. აივანი მწვანე შტაბია უზარმაზარი ჭადრის ხის გამო, რომელიც მე მგონი ერთადერთია ამ ქუჩაზე, გადაჭრას რომ გადაურჩა. ყველა მეუბნება, იმდენი იარე საბოლოოდ აქ უნდა მოსულიყავიო… ამ სახლში ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის უნდა მეცხოვრა.