არტ-კურატორ ელიჩკა ნადარეიშვილის ჯადოსნური სახლი

სახლი ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია. მე და ჩემი ოჯახი, მეუღლის ბავშვობისდროინდელ სახლში ვცხოვრობთ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და კოლორიტულ, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენი შვილები, ნანკა და კირა მეექვსე თაობას მიეკუთვნებიან, ვინც აქ აღიზარდა. სახლში თბილისური ატმოსფერო შემოსვლისთანავე იგრძნობა. თავად ნაგებობა როდის და  ვის მიერ აშენდა ამის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. გადმოცემით ვიცით, რომ ჩემი მეუღლის ბაბუამ, რომელიც იმხანად პლეხანოვზე ცხოვრობდა, ამ სახლს სულ შემთხვევით მიაგნო. დროთა განმავლობაში სახლი ოჯახთან ერთად გაიზარდა. აქაურობას ეზო აგვირგვინებს, ჩვენი ფიჭვი და კვიპარისი „გუგლ მეფზეც“ კი სჩანს.

თავიდანვე ვცდილობდი სახლის პირვანდელი იერსახე შემენარჩუნებინა. ცხადია პერიოდულად  გარკვეული განახლება მიწევდა, მაგრამ ძირითადად ვარესტავრირებდი, ვუფრთხილდებოდი არსებულს. მაგალითად კიბე, რომელსაც უნიკალური კონსტრუქცია აქვს და მის მსგავსს ვერსად შეხვდებით, ხელუხლებელი დავტოვე. ფრანგული სტილის დარაბები არ გამოვცვალე, მიუხედავად იმისა, რომ გვთავაზობდნენ ვიტრაჟული ფანჯრები უკეთესი იქნებაო. ოთახების განლაგება და ტიხრებიც ყველგან იგივე დარჩა.

ინტერიერის ნაწილშიც ძალზედ ფრთხილად და ნელ-ნელა დავიწყე ახლის შემოტანა. თავიდან თითქოს ვცდილობდი, რომ მთლიანად სახლი ნათელ ფერებში ყოფილიყო გადაწყვეტილი, მაგრამ სიჭრელე თავისდაუბნებურად შემოიჭრა გარემოში, ალბათ ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მიყვარს ტექსტილი. ფარდაგები, ხალიჩები, ფარდები. აქედან გამომდინარე ჩემი სახლი გზადაგზა მაინც აჭრელდა. ფარდებს უცნაურად ვარჩევ ხოლმე, ერთ ოთახში შემიძლია სხვადასხვა სახის ფარდები დავკიდო. აბსოლუტურად განსხვავებული ტექსტილი, ფარდაგები იქნება ეს თუ ფარდები შემიძლია შევუხამო ერთმანეთს.

 

ინტერიერში მიყვარს ხის ფაქტურის გამოყენება, ასევე რკინა. ბოლო დროს შემიყვარდა ქვა, რომლის მიმართაც ადრე ძალიან გულგრილი ვიყავი. მაგალითად, გავაკეთებინე ტრავერტინის მაგიდა, რომელიც ძალიან მომწონს. ქვა და ხე ცოცხალი ორგნიზმებია ჩემთვის და სხვანაირი სიცოცხლე შემოაქვთ ინტერიერში. ზოგადად თანამედროვე ესთეტიკაც მიყვარს და მისი ძველთან აღრევაც. ძველებურ ფრანგულ ტახტს უცბად შეიძლება თანამედროვე ნივთი მივუდგა გვერდით. თუ ნივთი მომეწონა და შემიყვარდა, აუცილებლად მივუჩენ ადგილს ჩემს ინტერიერში.

 

სადაც არ უნდა ვიყო, უკვე გზაშივე მიხარია, რომ სახლში მივდივარ. ჩემთვის სიმშვიდის, სიწყნარის და თავისუფლების ადგილია ჩემი სახლი. ბაღში ბევრი ჰორტენზია მაქვს დარგული. ეს ჩემს სოხუმის მოგონებებს უკავშირდება. შეამჩნევდით, რომ სახლში ძალიან ბევრი წიგნია. თაობების მიერ შეგროვებული დიდი და კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, რომელიც ამ სახლის ატმოსფეროს ქმნის. ჩემთვის წიგნების გარეშე ოთახები უსიცოცხლოა. ნახატებს რაც შეეხება, ორი ნამუშევარი მაქვს, რომლებიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ჩემი საყვარელი მხატვრების, ვახო ბუღაძისა და ზურა აფხაზის. ამ სახლში ეს ნახატები ჩემთან ერთად შემოვიდნენ და ჩემი განსაკუთრებული ნაწილი არიან…

გაზიარება:

გამოწერა