ისეთი ადგილის ძიებამ, სადაც ჩემი დიზაინით გატაცება საქართველოს თვალწარმტაც ბუნებას შეერწყმებოდა, ბეთანიის მაღალ მთებში, 1400 მეტრ სიმაღლეზე ამიყვანა. აქ, მასიური ციცაბო კლდის კიდეზე დავიწყე პროექტი და მიზნად დავისახე, შემექმნა სივრცე ბუნებასთან სინთეზსში და ამავე დროს სადა და მარტივი დიზაინით.
მშენებლობის განხორციელებას ოთხი თვე დასჭირდა. ვიცოდი, რომ ამ გარემოსთვის ხე საუკეთესო სამშენებლო მასალა იქნებოიდა. დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი, რომ სივრცე ზამთრის ძლიერ ქარს, ამ ადგილისთვის დამახასიათებელ დიდთოვლობას გაუძლებდა და 20 გრადუსიანი ყინვის პირობებშიც კი, შენობაში სითბო და სიმყუდროვე შენარჩუნდებოდა.
სახლი შარშან სექტემბერში დასრულდა და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ასეთი შორი და მიუსაფარი ადგილის არჩევისას, რამხელა გამოწვევების პირისპირ ვიდექი. მშენებლებისთვისაც რთული აღმოჩნდა სიმაღლეზე სიარული. უნდა აღვნიშნო, რომ ადგილზე ჩემმა ყოველდღიურმა დასწრებამ პროექტის წარმატებით დასრულება დააჩქარა. ჩემს იქ ფიზიკურად ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩემი მეთვალყურეობის გარეშე შესაძლოა, ბევრი რამ სხვაგვარად განვითარებულიყო და ხარისხიც ცხადია, არ იქნებოდა შესაბამისი.
მრავალფეროვანი მასალების გამოყენებისა და ტექსტურების ხარჯზე სახლი მყუდრო და მიმზიდველია. შიდა კედლებისთვის თეთრი ფერი შევარჩიე, რათა კიდევ უფრო გამომეკვეთა სუნთქვის შემკვრელი გარეთა ხედები და ცოცხალ სურათებად მექცია ისინი ინტერიერში. მზის შუქი, რომელიც სახლში შემოდის, აძლიერებს ფერებსა და ტექსტურებს. დიდი ფანჯრები არა მარტო ხედვის არეალის გასაზრდელად გავჭერი, არამედ თითოეული ჩარჩო დიდი სიფრთხილით მოვარგე გარეთა ხედებს. ამგვარად, ჩემი ფანჯრებიდან გარეთ არსებული ბუნება ხელოვნების უნიკალურ ნიმუშს წააგავს, რომელიც ყოველ დღე, წელიწადის დროების შესაბამისად მუდმივად იცვლება.
ოთახები გაწყობილია მაროკოდან ჩამოტანილი ხალიჩებითა და პუფებით, ძროხის ტყავი ბრაზილიდან არის, ფერწერული ტილოები ევროპიდან და აზიიდან, აქვეა ჰოლანდიური დივანი და მყარი მუხის სამზარეულო. გამოვიყენე ქართული ადგილობრივი წარმოების ზარდახშები და 60-იანი წლების ევროპული ავეჯი. ყველა ეს ელემენტი ერთად ქმნის სივრცეს, რომელიც გიწვევთ აღმოჩენებისკენ.
შთამბეჭდავია გარეთა შავი კედლები და დერეფნები, რომელსაც სიმშვიდის განცდა ექსტერიერიდან ინტერერში შემოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეთ თოვს და ეს თოვლი კიდევ უფრო უსვამს ხაზს სითეთრის ყველა დეტალს. სახლის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა კი ხის ღუმელია მისაღები ოთახის შუაგულში, რომელიც არა მხოლოდ გათბობის საშუალებაა, არამედ სიმყუდროვის შეგრძნებას მატებს მთლი ან გარემოს და თავშეყრის ცენტრალური ადგილი ხდება. აი სწორედ აქ, წიგნით ხელში, მე თავს ნამდვილად სახლში ვგრძნობ. სწორედ ეს არის ადგილი, სადაც ახალი შთაგონება მეუფლება, რომ ავაშენო სახლი აჭარის მაღალმთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 2500 მ. სიმაღლეზე…