ერთ დღეს ჩემი მეუღლე სახლში აღფრთოვანებული დაბრუნდა და მომიყვა ახალ აშენებულ კორპუსზე ბაგებში, სადაც ჩვენმა მეგობრებმა შეიძინეს ბინა. ჩვენი შვილი ანა 2 წლის იყო იმ პერიოდში და მწვანე გარემო, სადაც ჰაერის სუნთქვა იქნებოდა შესაძლებელი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. როცა თავად ვნახე ეს ადგილი მივხვდი, რომ სწორედ ის იყო რასაც ვეძებდით. ბაგების ეს ნაწილი მართლაც ყველანაირად კომფორტულია საცხოვრებლად. თან მოშორებული ხარ ქალაქს და ამავე დროს მაინც ქალაქში ცხოვრობ.
სიმართლე გითხრათ, ბინის გაკეთების არანაირი გამოცდილება არ მქონდა მანამდე. დიდი დახმარება გამიწია ჩემმა მეგობარმა, არქიტექტორმა და დიზაინერმა რუსო ლაშხმა. მან დააპროექტაბინა და ისეთი დაგეგმარება გააკეთა, რომ მოხმარების თვალსაზრისით ძალზედ პრაქტიკული გამოვიდა.
ჩემი მეგობრის, მხატვარ გიორგი გაგოშიძის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ვთხოვე, რომ მისი ერთ-ერთი ნამუშევრის გამოყენების უფლება მქონოდა. ნახატი პრინტის სახით შპალერზე გადავიყვანე და მემგონი ძალიან ლამაზი გამოვიდა.
ავეჯს რაც შეეხება, ორი ვარიანტი მქონდა, ან ძველ ავეჯზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი, ან თანამედროვე ხაზით წავსულიყავი. ამ შემთხვევაში ახლის ძიება გადავწყვიტე, მაგრამ მაინც ჩემ საყვარელ 60-იანიწლების სტილს მოვარგე. ალბათ სამი თვე კომპიუტერიდან თავი არ ამიწევია, სულ ძიებაში ვიყავი როგორ მომეწყო ინტერიერი. საბოლოო ჯამში ასეთი შედეგი მივიღე. „მუტოს“ ტახტი „პოლიფორმის“ სავარძლები „ტაჩინის“ მაგიდა და სკამები. ტელევიზორის მაგიდა ჩემი მოფიქრებულია. ჭაღი ანას ოთახში ჩემმა მეუღლემ დიდი წვალებით თავისი ხელით ჩამოიტანა ერთ-ერთი მოგზაურობიდან, თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად იგივე თბილისშიც იყიდებოდა.
ფერების გადაწყვეტა იყო ყველაზე რთული. დღესდღეობით თეთრი ბინებია მოდური. მეც ასეთ გარემოში ვცხოვრობდი მანამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც სხვა მინდოდა. ყველა დავტანჯე სანამ იმ ფერთა პალიტრას მივაგენი რაც მინდოდა. ბოლოს აი ამ აივანზე ვურევდით სხვადასხვა ფერის საღებავს და ვატარებდით ექსპერიმენტებს. მხატვარი თინა ჩხიკვიშვილი მაძლევდა კონსულტაციებს. ფარდები კედლის ფერების ანალოგიურია ყველა ოთახში. ყველაზე დიდი დრო კი ანას ოთახს დავუთმე და მის ტიპაჟს მოვარგე.
მინდოდა აივანი ოთახივით ყოფილიყო. გავრისკე და იატაკზე ისეთი მასალის დასხმა გადავწყვიტე, რასაც გარე პირობებში ნაკლებად იყენებენ. საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ სწორედ აივანმა შეკრა ბინა. გამოვიდა ერთი მთლიანობა, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა.