ავეჯის დიზაინერი ნანანო ფაღავა ინტერიერზე და ახალ პროფესიაზე

ბინის დიზაინი ჩემი მეუღლის დედამ, დიზაინერმა ნინო ნოზაძემ გაგვიკეთა. იქიდან გამომდინარე, რომ ნინომ მეც აქტიურად ჩამრთო ბინის შექმნის პროცესში, ჩემდაუნებურად თავი ახალ პროფესიაში ამოვყავი. ჩემივე ბინის მოწყობა, ცხოვრების ახალი გზის დასაწყისი აღმოჩნდა ჩემთვის.

დღესდღეობით ავეჯის დიზაინერი ვარ და ინტერიერის დიზაინერის ასისტენტის ფუნქციასაც ვითავსებ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც შევეჯახე იყო ის, რომ საქართველოს ბაზარზე ვერსად ვშოულობდი ავეჯს, ჩემს გემოვნებას რომ დააკმაყოფილებდა. დავიწყე მეორადი ავეჯის მოძიება, შეძენა და გადაკეთება, სავარძლებსა და სკამებზე სხვადასხვა პრინტისა თუ ბეწვის გადაკვრა. თანდათანობით ისე შევყევი ამ პროცესს, რომ რასაც ვაკეთებდი, სახლში აღარ მეტეოდა და ჯერ გაცემა, შემდეგ კი გაყიდვა დავიწყე.

ისე დაემთხვა, რომ იმავე პერიოდში, ჩემი მეგობარი, რომელიც ასევე სახლის მოწყობით იყო დაკავებული, იგივე პრობლემებს წააწყდა. ამან გვიბიძგა, ავეჯის დიზაინის კომპანია დაგვეარსებინა, რომელსაც „მეზანინი“ დავარქვით. ორივე 70-იანი წლების ესთეტიკის მოყვარულები ვართ, გვიყვარს ისეთი მასალების და ფაქტურების გამოყენება როგორიც არის „ლაკი“, ბეწვი, ფერადი შუშები, მარმარილო, ტყავი, ვერცხლისფერი. შესაბამისად „მეზანინის“ ხაზის ძირითადი ესთეტიკაც ასე ჩამოყალიბდა.

ყოველთვის მომწონდა ხის იატაკი, მაღალი ჭერი და შუშაბანდი, რაც ძველი თბილისური ბინების სტილს ახასიათებს. ჩემს ბინაშიც ამ ესთეტიკის შენარჩუნება გადავწყვიტე თანამედროვე დეტალებთან სინთეზში. სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის განწყობაა. ამ მხრივ ჩემს ბინაში მემგონი მიზანი მიღწეულია. ზუსტად ის ატმოსფერო სუფევს, რომელშიც მე თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ.

გაზიარება:

გამოწერა