ადამიანი მინიმალისტურ სივრცეში

არტ-ბლოგი Moma Liv- ისთვის

მინიმალისტური სივრცის სიჩუმეში ფიზიკურსა და მეტაფიზიკურს შორის ზღვარი თითქოს მსუბუქდება და ოთახის გარინდებაში, რომელიც სიცარიელის განცდას არც მანამდე ტოვებდა, ერთგვარ ფიზიკურ ყოფნას შეიგრძნობ – ჩუმ ძალას, რომელიც ჩვენს აღქმას ბადებს და მიმართულებასაც აძლევს.

ეს სივრცის ეკონომიკა გვაიძულებს დავუპირისპირდეთ ჩვენი ყოფიერების არსს, რადგან ნივთების სიმწირე ყურადღების გაფანტვის საშუალებას არ გვაძლევს და ჩვენი ფიქრები სივრცის გარინდებულ თვალსაჩინოებასთან რეზონირებს.

მინიმალიზმი, როგორც ხელოვნების მიმართულება, თავიდან უხეში ან ემოციებისაგან დაცლილიც შეიძლება მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მსუყე, ექსპრესიული მონასმების ფონზე, რომელიც მას წინ უძღოდა. მაგრამ თუკი შევყოვნდებით და მინიმალისტურ სივრცეში ჩაძირვას შევეცდებით, მდიდარ ემოციებს აღმოვაჩენთ, რომლებიც დახვეწილი და, იმავდროულად, ღრმაა.

მინიმალისტური ხელოვნება 1950-იანი წლების ბოლოს წარმოიშვა, როცა მხატვრები ერთგვარად დაღალა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ბობოქარმა ემოციურობამ და ქაოსმა. გავიხსენოთ, თუნდაც, ჯეისონ პოლოკის საღებავის ველური შხეფები, რომლებიც ენერგიითა და შინაგანი განცდებით არის დამუხტული. მისგან განსხვავებით, დონალდ ჯადისა და აგნეს მარტინის მსგავსმა არტისტებმა რაღაც განსხვავებულის შექმნა სცადეს: ხელოვნებისა, რომელიც მის საწყის ფორმებზეა დაყვანილი. მათ ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია უფრო ადრეულმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ბაუჰაუსი, რომელიც „ნაკლები მეტში“ იდეას ავითარებდა. ეს კულტურული და მხატვრული რეფლექსიების პერიოდი გახლდათ, რომელიც ომისშემდგომი კონსიუმერიზმის უკიდურესმა ნივთომანიამ წარმოშვა. მინიმალიზმი ამ ზედმეტობების წინააღმდეგ ამბოხი იყო, რომელიც ათასი ზიზილ-პიპილოთი გადატვირთულ სამყაროში სიცხადისა და ფოკუსირებისაკენ მოგვიწოდებდა.

ნიშნავს თუ არა ნივთების დამცრობა იმას, რომ მინიმალიზმი ემოციებისაგანაც დაცლილია? პირიქით: მინიმალისტურ ხელოვნებაში სივრცე – მისი გახსნილობა, სიმარტივე და გამიზნულობა – სიღრმისეული პიროვნული და ემოციური მოგზაურობისაკენ გვიხმობს. სივრცის გულუხვად გამოყენება თავისუფლებისა და სიცხადის განცდას ბადებს და სუნთქვის, ფიქრისა და შეგრძნებებისათვის ერთგვარ მენტალურ სივრცეს გვთავაზობს. მინიმალისტური გარემოს მშვიდი და უშფოთველი ატმოსფერო თვითანალიზისა და რეფლექსიისაკენ გვიბიძგებს. რა შეიძლება იყოს ამ ჩუმ სიაშკარავეზე უფრო ხმამაღალი? მინიმალიზმი უფრო ჩურჩულია, ვიდრე – ყვირილი, მაგრამ ჩვენზე არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს.

მინიმალისტური სივრცეები ურთიერთქმედების უნიკალურ ფორმას ქმნის, რომელიც ერთდროულად იმერსიული და ინტროსპექტიულია. ნივთების ვიზუალური თუ ფიზიკური მოცილებით, ეს სივრცეები გარემოსთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან უფრო ღრმა ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს. მინიმალისტურ გარემოში ყოველი დეტალი გამიზნული გვეჩვენება; დახვეწილობაზე ეს აქცენტი ჩვენს განცდებს ამძაფრებს და საშუალებას გვაძლევს, სივრცის შიგნით არსებული ურთიერთობები უფრო მეტად დავაფასოთ.

მინიმალიზმის ჩუმი ღიაობა არა მხოლოდ ფიზიკურ თავისუფლებას, არამედ მენტალურ სივრცესაც გვთავაზობს, რაც დღევანდელ აჩქარებულ მსოფლიოში ასეთი იშვიათობაა. მინიმალისტური ხელოვნების სიმარტივე ხშირად გვიბიძგებს, მეტად დავყოვნდეთ, მეტი დრო დავუთმოთ იმის გაგებას, რასაც ვხედავთ. ზედმეტი კომპლექსურობის მოცილებით, პირად დონეზე მეტი ჩართულობის საშუალება გვეძლევა, რაც ჩვენს ინტერპრეტაციებსა და ემოციებს ნელი ტაატით გააზრებულად გახსნის საშუალებას აძლევს. ეს ინტიმურობა, რომელსაც ხელოვნების მოუკაზმავი მოცემულობა გვთავაზობს, ჩვენი საკუთარი კავშირებისა და მნიშვნელობის პოვნისაკენ გვიბიძებს.

მინიმალისტურ სივრცეებში ადამიანური გამოცდილება ღია, მშვიდ ატმოსფეროში იბადება, რაც ინტროსპექციისა და ემოციური ჩართულობისათვის განაწყობს. მინიმალიზმი, რაც სულაც არ ნიშნავს სიჩუმესა და სტაგნაციას, ღრმა და პიროვნულ მოგზაურობაში გვიწვევს, სადაც გარემოს სიმარტივე ემოციურ რეაქციასა და კავშირებს ამძაფრებს. მინიმალიზმის მიმართულებით ეს ისტორიული ცვლილება სიცხადისა და თვითანალიზისაკენ უფრო ფართო კულტურული სწრაფვის შედეგია და გვთავაზობს უნიკალურ სივრცეს, სადაც ადამიანური გამოცდილების შესწავლა და გაგება მისი საწყისი ფორმით არის შესაძლებელი.

ტექსტის ავტორი:

თეა გოგუაძე „რიჩარტ ვიზუალის“ აღმასრულებელი დირექტორი

გაზიარება:

გამოწერა